რას ყვებიან თვითმხილველები კემეროვოს ტრაგედიაზე – “გადაეცით დედას, რომ მიყვარს”
რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო გასართობ ცენტრში მომხდარ ტრაგედიაზე დღეს ადგილობრივი მედია წერს.
თვითმხილველები სოციალურ ქსელში აზიარებდნენ ადგილზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს. ზოგიერთმა გამოღწევა ვერ მოახერხა და ცეცხლს ემსხვერპლა.
მაშინ, როცა ხანძარი გაჩნდა, სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე კინოთეატრში მულტფილმს აჩვენებდნენ, საიდანაც მცირეწლოვანთა უმრავლესობამ გამოღწევა ვერ შეძლო.
„როგორც კი კინოდარბაზიდან გამოვედი, დავინახე შავი ბოლი, სუნთქვა შეუძლებელი იყო, დავინახე რომ ზოგი ფანჯრიდან ხტებოდა, ზოგი კი ლიფტის შახტაში. ბავშვები ტიროდნენ, მოსთქვამდნენ… იმ კინოდარბაზის კარი, რომელშიც მოზარდები იყვნენ, ჩაიკეტა და ვერ გამოდიოდნენ, მესმოდა, როგორ ურეკავდნენ მშობლებს სიკვდილის წინ, ერთ-ერთ გოგონას, რომელიც შველას ითხოვდა, დავუძახე, – „ვიკა ყველაფერი გაიხადე და ტანსაცმელი პირზე აიფარე მეთქი, ის ყვიროდა – გადაეცი დედაჩემს, რომ მე ის ძალიან მიყვარდა“, – წერს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ტრაგედიის შესახებ ჰყვება მამაკაცი, რომლის სამი ქალიშვილიც ცოცხლად დაიწვა.
ტყუპები 11-ის, ხოლო უმცროსი – 5 წლის იყვნენ. მათი მამაც იქვე იყო, თუმცა გადარჩა.
მან ქალიშვილები სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე მდებარე კინოთეატრში მიიყვანა.
თავად კი, პირველ სართულზე ჩავიდა, რათა სეანსის დასრულებას დალოდებოდა.
„ჩემი ქალიშვილი განუწყვეტლივ მირეკავდა და მირეკავდა. მე მხოლოდ იმას ვუყვიროდი ტელეფონში, რომ ეცადა დარბაზიდან გამოსვლა, მაგრამ სხვა არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო, წინ უკვე ცეცხლი იყო”, – ამბობს ტრაგედიისას გარდაცვლილი გოგონების მამა.
ამის შემდეგ გოგონების მამა მაშველებთან გაიქცა დახმარების სათხოვნელად.
„მაშველებს ვუთხარი, რომ მეოთხე სართულზე ბავშვები კინოთეატრის დარბაზში არიან ჩაკეტილი და ჯერაც ცოცხლები არიან, საჭიროა მათი გამოყვანა. ისინი დამეთანხმნენ, მაგრამ მთელი სამი წუთი აირწინაღების გაკეთებას მოუნდნენ. მე მათ კიბე ვაჩვენე, საიდანაც ყველაზე სწრაფად აირბენდნენ კინოთეატრამდე და თავდაპირველად გამომყვნენ, მაგრამ მერე ვიღაც კაცმა დაიყვირა, ცენტრალურ კიბეზე ცეცხლიაო და ისინი მას გაჰყვნენ. შევეხვეწე, ერთი აირწინაღი მოეცათ და ჩემი ძალებით ვცდიდი ბავშების გამოყვანას, მაგრამ მათ მითხრეს, არ შეიძლება, ყველაფერი წესის მიხედვით უნდა მოხდესო და ჩემი ქალიშვილები ცოცხლად დაიწვნენ, ამ წესების გამო“, -ამბობს ტრაგედიისას გარდაცვლილი გოგონების მამა.
კემეროვოში გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 41-მდე ბავშვია.