რიკოთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მძღოლი უცხოეთის მოქალაქეა – სატვირთო მანქანა რუსეთის სახელმწიფო ნომრებით გადაადგილდებოდა

„კვირას“ ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ხევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, უცხოეთის მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილი იმ სატვირთო მანქანას მართავდა, რომელსაც საავტომობილო გზაზე თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაჰქონდა.

ცნობისათვის, 23 მარტს, დაახლოებით 19.00 საათზე რიკოთის უღელტეხილზე მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. სატვირთო მანქანა რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრაობდა.

მომხდარი ფაქტის შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან) ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით მოძრაობდა. ამჟამად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

შს სამინისტრომ რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები