რას აცხადებენ თბილისის გენგეგმის მომზადებაში ჩართული უცხოელი ექსპერტები – დოკუმენტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის პარტნიორებმა, უცხოელმა ექსპერტებმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც გერმანიის წარმომადგენელმა, იოახიმ შარესიმ (Albert Speer + Partner GmbH) თბილისის მიწათსარგებლობის პროექტზე საუბრისას განაცხადა, გენგეგმაში არსებული და სამომავლო ტერიტორიების ფუნქციები სხვადასხვა განვითარების კუთხითაა ასახული. ექსპერტის თქმით, აღნიშნულ პროექტში ბევრი საინტერესო გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია.
“ჩვენ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, 2015 წლიდან დავიწყეთ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. როგორც არქიტექტორებმა, ამ პროექტში გადავიბარეთ საკითხები, რომლებიც ეყრდნობა საერთაშორისო ქალქ-გეგმარებას.
არსებული მონაცემების საფუძველზე, ჩვენ დავამუშავეთ ტრანსპორტი, ქალაქ-მშნებლობა, კულტურული მემკვიდრეობა, ეკოლოგია და სხვა თემები. ჩვენთვის მთავარი ამოცანა იყო, ყველა ამ საკითხის ერთმანეთთან შერწყმა. ჩვენი გეგმა სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა, ესენია: თბილისი, როგორც მწვანე ქალაქი, თბილისი, როგორც კარგად შეკავშირებული ქალაქი და თბილისი, როგორც კომპაქტური ქალაქი შიდა ოპტიმალური განვითარებით. მუშაობის შედეგი შესაბამისი დოკუმენტითაა წარმოდგენილი. გენგეგმაში აისახა არსებული და სამომავლო ტერიტორიების ფუნქციები სხვადასხვა განვითარების კუთხით. ეს დოკუმენტი აღწერს, რა სოციალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა ჩამოსაყალიბებელი ქალაქში. რაც შეეხება ამ დოკუმენტის დროში გაწელვას, ვფიქრობ, რომ არ იქნება ეს მიზანშეწონილი. ამ პროექტში ძალიან ბევრი საინტერესო გადაწყვეტილებაა და ესენი აუცილებელია ქალაქის სწორი განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მალე მიიღება გადაწყვეტილება და ამ პროექტზე დაყრდნობით შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული”, – განაცხადა იოახიმ შარესიმ.
საფრანგეთის წარმომადგენელმა, ალფრედ პეტერიმ (Alfred PETER Paysagiste-SARL) თბილისის გენერალურ გეგმაზე საუბრისას ყურადღება სტაბილურობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეს ქალაქი ევრაზიაში პირველი ქალაქია, რომლის გენგეგმაზე მუშაობას, საფუძვლად “მდგრადობა” დაედო. მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მთლიანად შეესაბამება ქალაქში არსებულ გამოწვევებს. “კარგია, რომ პროექტის მიმართ გარკვეული კითხვები არსებობს. ეს ყოველდღიურობიდანაა გამოწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება დაინტერესებულია ამით. საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ინვესტორები სტაბილურობას მოითხოვენ. ჩემი ინფორმაციით, თბილისი არის პირველი ქალაქი ევრაზიაში, რომელსაც პროექტზე მუშაობისას საფუძვლად დაედო “მდგრადობა”. ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ იქნება ეს პროექტი გამოყენებული შემდგომში. ვფიქრობ, რომ აღნიშნული დოკუმენტი მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ქალაქში არსებულ გამოწვევებს”, – განაცხადა ალფრედ პეტერიმ.

თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობისას, სატრანსპორტო საკითხის დარეგულირებაში, ავსტრიის წარმომადგენელი ოსტ მაზური (Bernard Group) მონაწილეობდა. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი ძირითადი ხედვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძლიერება, საფეხმავლო სივრცის და ველო-ბილიკებისთვის პრიორიტეტის განსაზღვრა იყო. ავსტრიელი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს დოკუმენტი მაღალი საერთაშორისო სტანდარტებისაა. მისივე თქმით, არ არსებობს ისეთი საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. “ამ პროექტში ტრანსპორტის საკითხების დარეგულირება იყო ჩემი ამოცანა. ჩვენი ძირითადი ხედვა ამ მიმართულებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძლიერება, საფეხმავლო სივრცის და ველო-ბილიკებისთვის პრიორიტეტის განსაზღვრა იყო. ხოლო ინდივიდუალური ტრანსპორტისთვის კი, შეზღუდვების დაწესება. მე, ისევე, როგორც ჩემი კოლეგები, ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი მაღალი საერთაშორისო სტანდარტებისაა და არ მგონია არსებობდეს ისეთი საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გამჭვირვალე პროცესები წარვმართეთ. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მხოლოდ ხედვებს აყალიბებს, რისი შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი ტრანსპორტის მასტერპლანია, ანუ რაც ხელს შეუწყობს არსებულ ღონისძიებებს”,-განაცხადა ავსტრიელმა ექსპერტმა, ტრანსპორტის საკითხებში ოსტ მაზურიმ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა, მომხდარიყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები