„სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველგან ხდება“- სოფო ახმეტელი გუდაურში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

მოთხილამურე სოფო ახმეტელი 16 მარტს გუდაურში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სხვა ქვეყნებში მომხდარ მსგავს შემთხვევებს იხსენებს.

„ძალიან ვწუხვარ გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამო. გუდაურში გავიზარდე და უსაზღვროდ მიყვარს აქაურობა. ამ საბაგირო გზებზე და სათხილამურო ტრასებზე მომუშავენი, დაწყებული ხელმძღვანელებიდან, დამთავრებული რიგითი მაშველის ჩათვლით, არიან თავანთი საქმის სპეციალისტები, თავიანთ საქმეზე შეყვარებულები და პატრიოტები, რომლებიც დღესა და ღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ აქ ამოსულ დამსვენებლებსა და ტურისტებს შეექმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო.

რაც შეეხება ამ შემთხვევას, მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, ხდება მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. ერთ-ორ შემთხვევას გავიხსენებ, როცა ავსტრიაში ვცხოვრობდი. ავსტრიის ცნობილ კურორტ კაპრუნში 2000 წელს მოხდა დიდი ტრაგედია, საბაგირო გზაზე, რომელიც კლდეში გაჭრილ გვირაბში გადიოდა, გაჩნდა ხანძარი და 50-მდე ადამიანი დაიღუპა.

მეორე შემთხვევა ასევე ძალიან ცნობილ კურორტზე – ზოლდენში მოხდა, როცა ვერტმფრენით გადაჰქონდათ სამშენებლო რკინაბეტონის კონსტრუქცია და დაეჯახა გონდოლებს, იქ დაიღუპნენ ბავშვები. ასე რომ, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველგან ხდება.

რაც შეეხება სახლში მჯდომ უსაქმურ ფეისბუქელებს, უფლება არ აქვთ ლანძღონ ის ვაჟკაცი ბიჭები (მაშველები), რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან“, – წერს სოფო ახმეტელი.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში, 16 მარტს, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 11 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები