რუსეთი დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს

0

დიდი ბრიტანეთის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის 23 თანამშრომელი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მათ ერთი კვირის ვადაში დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გარდა ამისა, რუსეთი დიდ ბრიტანეთს სანკტ-პეტერბურგში ბრიტანეთის საკონსულოს დასახურად საჭირო დროს მისცემს, მუშაობის შეწყვეტის ვადები საერთაშორისო ნორმების შესაბამისად განისაზღვრება”, – იუწყება სააგენტო ТАСС რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით. ასევე, შეწყდება ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობა, მისი სტატუსის დაურეგულირებლობის გამო.
ცნობისათვის, 14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს.

კომენტარები

კომენტარი