ლევან ფანჩვიძის პირველი პოეზიის საღამო და კრებულის წარდგინება

     დღეს 7 მაისს, 16 საათზე, მწერალთა სახლში პოეტ ლევან ფანჩვიძის ლექსების კრებულის ,,წვიმის სონატის” წარდგინება მოხდება. “კვირა“ დაუკავშირდა პოეტს და გაესაუბრა მას:
– ბატონო ლევან, გილოცავთ კრებულის გამოსვლას და რადგან ხელოვანისთვის პირველი ასეთი საღამო ახალ შემოქმედებით ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, თუ შეიძლება გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების შემოქმედებითი გზა.
– დავიწყებ იმით, რომ დავიბადე უცნაურ პერიოდში, როდესაც ჭიათურა ცალკე ქალაქად გამოცხადდა და ამჟამინდელი ჭიათურის სოფლები საჩხერის რაიონს მიაკუთვნეს. დაბადების მოწმობაში მეწერა საჩხერის რაიონის სოფელი გუნდაეთი.რამდენიმე თვის მერე კი ეს სოფლები ისევ ჭიათურას დაუბრუნეს. ბავშვობიდან გატაცებით და მაღალპროფესიონალურად ვხატავდი. ამის გამო მასწავლებელს ჩემი თბილისში სპეციალურ სასწავლებელში წამოყვანა სურდა. მაგრამ ხატვას მალევე დავანებე თავი და ლექსების წერამ გამიტაცა.
– ვიცი, რომ დიდი როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში ბატონმა მუხრან მაჭავარიანმა?
– მართლაც, ასე იყო. 1985 წელს მუხრან მაჭავარიანი გავიცანი, რომელმაც ჩემს მიმართ მამაშვილური მზრუნველობა გამოიჩინა. ყოველთვის მასწავლიდა და ჭკუას მარიგებდა, როგორ მოვქცეულიყავი. მისი სიტყვები ყოველთვის ეროვნული სულისკვეთებით აღმანთებდა ხოლმე. 1987 წელს რამდენიმე ლექსი შემირჩია და მწერალთა კავშირში გამაგზავნა. მოკლედ, მუხრან მაჭავარიანი  ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ სულით ხორცამდე ქართველი პოეტია.
– ამ საღამოზე რას გვეტყვით? ვინ მიიწვიეთ?
– საღამოზე მიწვეულნი არიან ქართველი მწერლები და მეცნიერები, ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლები, იმღერებს თელავის ანსამბლი “მზექართულო“ , ჩემთვის საპატივცემულო მწერლები და ლიტერატორები. ნება მომეცით, ყველას თქვენი საშუალებით მივმართო: ჩემო ძვრფასებო, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ველოდები თქვენთან შეხვედრას.ეს ხომ ჩემი პირველი პოეზიის საღამოა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა დიდხანს შემორჩეს ხსოვნას. ვიცი, რომ დღეს ბედნიერ მზერას გადავავლებ ულამაზესი ქართველი ქალბატონებით სავსე დარბაზს და აღფრთოვანებული გულში გავიფიქრებ: ,,ცალ-ცალკე ხართ ყვავილები, ერთად თაიგული ხართ!” მოკლედ, დღეს გელოდებით და წინასწარ მოვახსენებ ყველას მადლობას ჩემს საღამოზე სტუმრობისთვის.

 თეონა გოგნიაშვილი

10313934_742711855759979_2101256114_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები