“ამერიკის კონგრესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერად, ძლიერი რეზოლუცია აქვს მიღებული”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვაშინგტონში გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების წინადადებით გამოვიდა.

თალაკვაძის თქმით, ამერიკის კონგრესს ძლიერი რეზოლუცია აქვს მიღებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ. ის იმედოვნებს, რომ მომავალში მათი მხრიდან ჩვენი მხარდაჭერა გაიზრდება.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ასეთი მაღალი დონის შეხვედრები გამართა აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკას მხოლოდ დაეხმარება. რაც შეეხება საქართველოს მხარდამჭერ დოკუმენტს, როგორც იცით, ამერიკის კონგრესს მიღებული აქვს ძალიან ძლიერი რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე გვაქვს მოლაპარაკებები, კეთდება განცხადებები, ვეყრდნობით ამ ძალიან ძლიერ რეზოლუციას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა გაიზარდა, ურთიერთობები ვითარდება და დარწმუნებული ვარ, ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება მომავალშიც. ჩვენ გვაქვს 25-წლიანი თანამშრომლობის წარსული”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ვიზიტისას, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები