კახა კალაძე: საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს.
კალაძის განცხადებით, ის მოსაზრება, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა საქართველო-ისრაელის ბიზნესურთიერთობებს ავნებს, მანიპულირებაა.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „სითი პარკის“ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
„ეს არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება. ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ჩვენ ყველას მივესალმებით ვინც კეთილსინდისიერი ინვესტორი კომპანიაა. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართული ბიზნესი თუ უცხოური, ჩვენი კარი ყველასთვის არის ღია. არაკეთილსინდისიერ კომპანიებს, რა თქმა უნდა, მოვექცევით კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, თბილისის მერიას არასდროს ჰქონია „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის პრობლემა. როგორც კალაძე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, მერია მზად არის, საკუთარი პოზიცია სასამართლოში დაიცვას.
„თუ კომპანიას ექნება სურვილი სასამართლოში წავიდეს, ჩვენ მზად ვართ, სასამართლოში დავიცვათ ჩვენი პოზიციები. თუ ექნებათ სურვილი საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლის, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი პოზიციები“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები