დავით ჭიჭინაძე: რუსეთს თუ არ დაელაპარაკები, სინდისი თავისით არ შეაწუხებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, შეფარვით პირდაპირი დიალოგისთვის მზაობა ყოველთვის მოდიოდა რუსეთის მხრიდან.
მისივე თქმით, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელსაც თუ არ დაელაპარაკები, თავისით სინდისი და ნამუსი არ შეაწუხებს. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, რაზე უნდა მოხდეს რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები, ეს საკითხებიც გამიჯნულია.
“პრემიერის მხრიდან, პირდაპირი დიალოგის დაწყება დროული გზავნილი იყო, რუსეთისგან ყოველთვის მოდიოდა ამის მზაობა შეფარვით. რუსეთს თუ არ დაელაპარაკები, სინდისი და ნამუსი მათ თავისით არ შეაწუხებთ. ვფიქრობ, რომ მათთან დიალოგი სჯობს და რაღაც წინაპირობა მაინც უნდა შევქმნათ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ხოლო რაზე უნდა ესაუბროთ რუსეთს, ეს საკითხებიც უკვე გამიჯნულია. იქიდან ჩამოსული ტურისტები საქართველოს ელჩები არიან და ხელს უწყობენ რუსეთის მოქალაქეებში საზოგადოებრივი აზრის შექმნას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და იმ განწყობას ცვლიან, რასაც პოლიტიკური ელიტა ცდილობს, რომ დანერგოს საქართველოს წინააღმდეგ. ამ გზით კი, ნელ-ნელა დაიმსხვრევა ის მითი, რომ ჩვენ თითქოს ვიღაცის მტრები და მოძმე ხალხის მიმართ აგრესიულად განწყობილები ვართ. რუსეთთან საერთაშორისო ფორმატებით ვსაუბრობთ, მაგრამ რეალურად ლაპარაკი შეიძლება იმათთან, ვინც ამ საერთაშორისო ფორმატებს ანგარიშს უწევს”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე, ერთობლივად მოხდეს ნაბიჯების გადადგმა ვითარების დასაძლევად.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, გიორგი კვირიკაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და მიესალმებიან საქართველოს მხრიდან ორმხრივი ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავებისკენ სწრაფვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები