“როცა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა საქართველოსათვის ევროპული სიკეთეების ხელმისაწვდომობას ხედავს, დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის”

“საქართველოს გზა დასავლეთისაკენ, როდესაც თავისუფლება ხდება ღირებულება”- თავისუფლების, უსაფრთხოების გამოწვევების, რუსული აგრესიისა და საქართველოს 100-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე და საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე სტუდენტებთან შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპული ტიპის პატარა ქვეყანა უწოდა, რომელსაც ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ამბიცია აქვს და ამისათვის ცდილობს, პარტნიორი ქვეყნების დახმარებით დემოკრატია და ეკონომიკა განავითაროს.

“ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით – აზიასა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელი გზით. თუმცა, საქართველო თავისი პოლიტიკური არჩევანის გამო, რუსეთის მიერ დაისაჯა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, ჯანსაღი ამბიცია დასავლური მისწრაფებებისადმი ერთგულება რუსეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა”, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, “დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, თუმცა საქართველო თავისი გზის გაძლიერებას ცდილობს. სწორედ ამას ემსახურებოდა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გამართული ვიზიტი, რომელზეც ჩვენ ვეცადეთ დაგვერწმუნებინა ჩვენი მეგობრები ევროპაში, რომ  ევროკავშირის კარი უფრო ფართოდ გაეღოთ”.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ ვითარდება და მისი მოსახლეობაც, შესაბამისად, იზოლირებულია განვითარებისაგან, -“როცა ისინი ხედავენ, როგორ მიდის წინ და ვითარდება საქართველო, როცა თავის პრობლემებს წყვეტს დამოუკიდებლად, ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერით ვიცავთ მათ უფლებებს, როცა ხედავენ ამ სიკეთეებს, –  რეალურად, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის, რომელიც ვერ დაიკვეხნის თავისი განვითარებით”.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 16 საუკუნის წინ გააკეთა ევროპული არჩევანი.

“აირჩია ქრისტიანობა, რაც ერის იდენტობისა და პოლიტიკური მიმართულების არჩევანი და იმ სახელმწიფოთა ჯგუფის მიმართ ორიენტირება იყო, რომლებიც ევროპულად ვითარდებოდნენ. საქართველომ შეძლო ამ არჩევანის შენარჩუნება”,- აღნიშნა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპაცია 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო და მიმდინარე მოვლენების ფონზე სრული სურათის დანახვა უნდა შევძლოთ.

“ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მომთმენნი და ვაღიაროთ, რომ რუსეთი საქართველოს “უკანა ეზოს” პოლიტიკის თვალსაზრისით უდგება. სრული სურათი უნდა დავინახოთ: ფაქტია, რომ როცა ბუქარესტის ნატოს სამიტზე საქართველომ ნატოს წევრობასთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალები მიიღო, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ჰიბრიდული ომის გზით მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 90-იან წლებში დაიწყო, მაშინ საქართველო არ საუბრობდა არც ნატო-ში და არც ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მაშინ საქართველოს არ ჰქონდა არანაირად ამის პირობები. მაშინ რუსეთმა რეაგირება მოახდინა საქართველოს დამოკიდებულებაზე, მის დამოუკიდებელ არჩევანზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა განაცხადა, რომ მას აქვს პრივილეგირებული უფლებები იმ ერებზე, რომლებიც დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ მრავალი წლის განმავლობაში”,- რასაც იგი არ მალავს და ჩვენც ნათლად უნდა ვუთხრათ, იმ ძირითადი, დასავლური ფასეულობების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ, რომლის ერთგულებიც ვართ”.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის არაპოლიტიკურ ურთიერთობებს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და საქართველოს მოლოდინებს შეეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები