„დეოკუპაციისთვის და აფხაზური და ოსური საზოგადოებების დასაბრუნებლად, პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“

„ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „სოციალ-დემოკრატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტს გაკეთებულ განცხადებას, სრულად იზარებენ.
როგორც ჟორჟოლიანმა პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა, კონფლიქტებთან მიმართებით, პრინციპულ საკითხებზე უკომპრომისო და აქტიური პოზიცია დააფიქსირა.
მისივე თქმით, რეგიონში არსებული ვითარება კიდევ ერთხელ უნდა იყოს დამაფიქრებელი.
„განვლილ წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩამოაყალიბა, ჩვენი აზრით, მცდარი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ერთადერთ გამართლებულ მოქმედებად მიიჩნეოდა აგრესიული რიტორიკით შეფუთული უმოქმედობა ან ავანტიურიზმი. არსებული მძიმე ვითარება მნიშვნელოვან წილად ამ „პოლიტიკის“ შედეგიცაა. ვთვლით, რომ დღევანდელ მწვავე ვითარებაში გაკეთებული ამ განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, კონფლიქტებთან მიმართებით, პრინციპულ საკითხებზე უკომპრომისო და აქტიური პოზიცია დააფიქსირა – მშვიდობიანი პოლიტიკის უალტერნატივობის ხაზგასმით და პირისპირ დიალოგისთვის მზაობით, მან კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა, რაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს პასუხისმგებლიან და რაციონალურ დამოკიდებულებას განამტკიცებს. პრემიერის განცხადებას, საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მოჰყვა, რაც შეეხება ოპონენტებს, ან არ სურთ გაგება, ან სერიოზულად არ ესმით, რასთან გვაქვს საქმე. რეგიონში არსებული ვითარება კიდევ ერთხელ უნდა იყოს დამაფიქრებელი. ვხედავთ, ტენდენციას, რომ რადიკალურად დაპირისპირებული მხარეებიც კი ცდილობენ, რაციონალიზება მოახდინონ და დაილოგის საშუალებები ეძებენო, მაგალითად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა“ , -აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.
გია ჟორჟოლიანი ასევე მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
„განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მოლაპარაკებების ეს ფორმატი ჩიხშია შესული და საჭიროებს ხელახალ გააზრებას. მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრის ჩართვა ახლებურ მნიშვნელობას შესძენს როგორც ჟენევის ფორმატს, ისე საქართველოში მშვიდობაზე დაფუძნებული განვითარების პროცესს. ამასთან, ეს არ გულისხმობს რუსეთთან მიმართებაში რაიმე ფორმით ჩვენი პოზიციების დათმობას და დეოკუპაციის გზაზე აქტიური მოქმედების შესუსტებას. გლობალური პოლიტიკის დღევანდელი ტენდენცია კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ამ რწმენას. ისეთი რადიკალურად დაპირისპირებული მხარეებიც კი, როგორებიცაა აშშ და რუსეთის ფედერაცია, ან სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა, სულ უფრო მეტად ცდილობენ დიპლომატიის ყველა არსებული საშუალებით ურთიერთობების რაციონალიზაციას. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პრაგმატული მიზნების მისაღწევად, დეოკუპაციისა და აფხაზური და ოსური საზოგადოებების დასაბრუნებლად, პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, -განაცხადა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე, მორიგი განცხადება 9 მარტს გაავრცელა.
“სამწუხაროდ, რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.
მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები რთული ვითარების დასაძლევად”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები