“სამძიმარზეც იყო მისული” – ვინ არის ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაჰესის დასახლებაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნა. 66 წლის ერვანდ ტატიშვილისა და მისი 51 წლის მეუღლის, ინგა ხუბაევის მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა 36 წლის მამაკაცი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ცოლ-ქმარი ძველით ახალ წელს, საკუთარ მაღაზიაში იპოვეს მოკლული.
მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, “პრაიმტაიმისთვის” რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გახდა ცნობილი, მათ შორის ბრალდებულის ვინაობა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ნაცნობს – 1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს – 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე და 236-ე მუხლით” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს… ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა. აღნიშნული ინფორმაციას ამყარებს ისიც, რომ საჯარო განცხადების შემდეგ, სამართალდამცავებმა დაკავებულს ბრალი დაუზუსტეს და მას კიდევ ერთი მუხლი – 179-ე (ყაჩაღობა) წარუდგინეს ბრალად.
“პრაიმტაიმმა” გაარკვია, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულია გარდაცვლილი ცოლ-ქმრის მეზობელი, 36 წლის მიხეილ ნავრადაშვილი. ის წუხელ საკუთარი სახლიდან აიყვანეს, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ.
ნავრადაშვილების ოჯახი გარდაცვლილი ცოლ-ქმრის გზის საპირისპირო მხარეს ცხოვრობს და იქვე ფლობს კომერციულ ფართს, სადაც ასევე სასურსათო მაღაზია ფუნქციონირებს.
“პრაიმტამმა” ბრალდებულის ოჯახის წევრებთან გასაუბრება სცადა, თუმცა ისინი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. მეზობლები კი პირად საუბარში ყვებიან, რომ დაკავებული მიხეილ ნავრადაშვილი წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. მათი თქმით, ნავრადაშვილების ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს და დაუჯერებლად ეჩვენებათ ვერსია, რომლის თანახმადაც მკვლელობის მოტივი შესაძლოა ყაჩაღობა გამხდარიყო.
“საკმაოდ შეძლებული ოჯახია. აგერ, ამხელა კომერციული ფართი აქვთ გაქირავებული. ყოველთვიურად 1500 დოლარს უხდიან. რა გაუჭირდა ასეთი, რომ იმ საწყალი ხალხის დაყაჩაღება გადაწყვიტა და თან ასე სასტიკად მოკლა?! დაუჯერებელია”, – გვიყვება იქვე მდებარე მაღაზიის გამყიდველი.
ერთ-ერთი მეზობელი კი იხსენებს, რომ მიხეილ ნავრადაშვილი გარდაცვლილი ცოლ-ქმრის სამძიმარზეც იმყოფებოდა.
“ამ ამბის შემდეგ ეს ბიჭი ჩვეულებრივ მოძრაობდა. საეჭვო არავის არაფერი შეუნიშნავს. სამძიმარზეც იყო მისული. ძალიან კარგი დედა ჰყავს. პედაგოგია. ახლახანს იყო იმათი ორმოცი და დაკავებულის დედაც იყო ორმოცზე. კარგი ოჯახია, მაგრამ ასეთი რამ როგორ გააკეთა, არ ვიცით… ყველანი შოკში ვართ”, – ყვება ბრალდებულის მეზობელი.
ცნობილია, რომ მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარე სატვირთო ავტომობილების სადგომზე დამონტაჟებულმა ვიდეო კამერამ დააფიქსირა. “პრაიმტაიმს” ხელში ჩაუვარდა აღნიშნული ჩანაწერი. კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის მამაკაცი მაღაზიაში და შიგნიდან კეტავს კარს.
ჩანაწერი, 14 იანვარს დაახლოებით 23:00 საათზე არის გაკეთებული. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ძველით ახალ წელთან დაკავშირებით, ქუჩაში პერიოდულად პიროტექნიკის აფეთქებების ხმა ისმოდა, შესაბამისად, იარაღის გასროლას მეზობლების ეჭვი არ გამოუწვევია. იქვე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი გვიყვება, რომ “მეზობლებმა გასროლის ხმა შენიშნეს, თუმცა ეს სწორედ საახალწლო ფეირვეკრებს დაუკავშირეს და ყურადღება არ გაუმახვილებიათ”.
გარდაცვლილები პურისა და მზა პროდუქტების დისტრიბუტორმა ვინმე გელამ აღმოაჩინა. მისი ახლობლების გადმოცემით, დისტრიბუტორი ერვანდ ტატიშვილის მაღაზიას პროდუქტის ჩასაბარებლად 08:30 საათზე ესტუმრა, თუმცა მაღაზიის კარი დაკეტილი დახვდა. ცოლ-ქმარი მაღაზიას დილის 08:00 საათზე აღებდა და დაახლოებით 23:00 საათზე კეტავდა.
როგორც ირკვევა, ადგილზე მისული დისტრიბუტორი მაღაზიაში ანთებულმა სინათლემ დააეჭვა, რის შემდეგაც მაღაზიის მეპატრონეებთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა არცერთი მათგანი ზარს არ პასუხობდა.
,,თვითონ ეს ცოლ-ქმარი მაღაზიის უკან ცხოვრობდა, იქ აქვთ სახლი. როდესაც გელას მაღაზია დაკეტილი დახვდა და არც ტელეფონზე პასუხობდნენ, გვერდიდან მოუარა და სახლში შევიდა. სახლის კარი დაკეტილი დახვდა, მაღაზიის კარი კი, სახლის მხრიდან, ღია იყო. დაინახა, რომ იქვე დახლებთან ამ ქალის დასისხლიანებული ცხედარი ეგდო. იქვე იყო მისი მეუღლის ცხედარიც. შოკიდან ვერ გამოსულა ახლაც. ეგრევე გამოიძახა პოლიცია და მთელი დღე განყოფილებაში ჰყავდათ დაკითხვაზე. სავარაუდოდ, მკვლელი მაღაზიაში გზის მხრიდან შევიდა და უკნიდან, სახლის გავლით დატოვა ტერიტორია”, – გვიყვება საქმის მთავარი მოწმის, დისტრიბუტორის ახლობელი.
მკვლელმა რომ შემთხვევის ადგილი მართლაც სახლის გავლით დატოვა, ჩვენს მიერ მოპოვებული ვიდეოთვალის ჩანაწერებიც ადასტურებს, სადაც კადრებში დაფიქსირებული პიროვნების მაღაზიიდან გამოსვლის ფაქტი საერთოდ არ ჩანს.
ადგილობრივების გადმოცემით, ინგა ხუბაევის ცხედარს, ცეცხლნასროლი ჭრილობების გარდა, სხვა მრავალი დაზიანებაც აღენიშნებოდა.
“სამძიმარზე იყვნენ მეზობლები. ნახეს, რომ ცხედარი მთლიანად დასახიჩრებული იყო. ქალი სასტიკად არის ნაცემი”, – გვიყვება იქვე მცხოვრები ერთ-ერთი მეზობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები