ვუჩიჩმა განაცხადა, თუ როდის შეიძლება ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები სერბეთში
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა 10 ივლისამდე ან სექტემბრიდან წლის ბოლომდე ჩატარდეს.
„როდის იქნება საპარლამენტო არჩევნები? წელს, მე ვთქვი, რომ შეიძლება იყოს ვიდოვდანამდე (28 ივნისი), შესაძლებელია ასევე 10 ივლისამდე, მაგრამ ნამდვილად არა ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოში. ამის შემდეგ შეიძლება გაიმართოს სექტემბრიდან წლის ბოლომდე“, – აღნიშნა ვუჩიჩმა სერბეთის რადიო და ტელევიზიის ეთერში.
მიმდინარე წელს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, სერბეთის სახელმწიფოს მეთაურმა, 3 აპრილს საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციები დაიწყო.
გასული წლის 1-ელ დეკემბერს სერბეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო და შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის ბოლოს გაიმართოს. ნოემბრის დასაწყისში ვუჩიჩმა სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა.
სტუდენტებისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციები სერბეთში 2024 წლის 1-ელ ნოემბერს „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.