ზაურ ცხადაძე: ნოშიკო ნამორაძეს არ ვამტყუნებ, მეც იგივეს გავაკეთებ!
ცნობილი მკლავჭიდელი, “თეგეტა მოტორსის” ერთ-ერთი მეწილე, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ზაურ ცხადაძე ნოშრევან ნამორაძის ქმედებას ამართლებს. ზაურ ცხადაძე აცხადებს, რომ თუ ქუჩაში მას შემთხვევით ის პირი შეხვდება, ვინც მისი ბიზნესის წართმევას ცდილობდა, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდება.
„ნოშიკო ნამორაძეს საერთოდ არ ვამტყუნებ, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება იმ პირებს არ სჯის, ვინც წინა ხელისუფლების დროს ადამიანები დააწიოკა. ამიტომ შურისძიების ასეთი ფაქტები მოსალოდნელია. შეიძლება, იგივე ხვალ მე გავაკეთო, ზეგ სხვამ გააკეთოს… ნამორაძეს ვერ გავამტყუნებ, იმიტომ რომ არავინ დაისაჯა. ნამორაძე გამწარებული ადამიანია. მის მდგომარეობაში ბევრი ადამიანია, ვისაც ჩაფიქრებული აქვს შურისძიება, ვისაც სინდისი და კაცობა აქვს შერჩენილი. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაინც იძიებენ შურს. რა თქმა უნდა, მეც იგივეს გავაკეთებ, ჯერ არ შემხვედრიან ქუჩაში ის პირები, მე არ მოვითმენ იმას, რასაც სხვა ითმენს. თუ შემთხვევით ქუჩაში შევხვდები და მეც იგივეს გავაკეთებ“, – განუცხადა ზაურ ცხადაძემ „კვირას“.
მან არ გაამხილა იმ პირების ვინაობა, ვის მიმართაც ცნობილი მკლავჭიდელი შურისძიებას გეგმავს. „სახელებს და გვარებს ვერ გავახმაურებ, მაგრამ არის ერთი – ორი ადამიანი, რომლებიც დღემდე თბილისში არიან, და თუ ქუჩაში შემთხვევით შევხვდები, არ ვაპატიებ არაფერს“, – აღნიშნა ცხადაძემ.
ცნობილი მკლავჭიდელი, “თეგეტა მოტორსის” ერთ-ერთი მეწილე, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ზაურ ცხადაძე იმ პირთა რიცხვშია, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს ციხის საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს თაღლითობასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებდნენ. ის 2009 წლის 21 ოქტომბერს დააკავეს. მისთვის წაყენებული ბრალდება 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. „დაჭერამდეც ბევრჯერ შეგვაწერეს ფული. რომ ხედავდნენ, ბიზნესი გქონდა, ფულს გვთხოვდნენ. “ევროპაშიც” მაქვს 15%-იანი წილი, ჩემი დაჭერიდან ერთ წელიწადში “ევროპას” 10 მილიონი დაარიცხეს. ვითომ ჩვენი ახლობელი მინისტრები ჩაერივნენ… გვითხრეს, პატივი გეცით, 9 მილიონი დაგიკელით და ერთი მილიონი მოგვეცითო და გადავიხადეთ. ძირითადად, წილების თემას ადეიშვილი აკონტროლებდა. ჯერ კიდევ 2005 წელს “თეგეტაში” კეზერაშვილის ფინანსური შემოვიდა და მაშინ 8 მილიონი აგვახიეს, გასაჩივრება დავაპირეთ და პრეზიდენტს მივწერეთ. არადა, თავიდან იმით დაიწყეს, მილიონი მოგვეცითო, ამაზე უარი ვთქვით და საბოლოოდ 8 მილიონი წაიღეს. თან იმას გვასწავლიდნენ, რომელი ბანკიდან აგვეღო კრედიტი. კრედიტის თანხა უკვე 25 მილიონ დოლარამდეა ასული. მოკლედ, აზრი არ ჰქონდა მათთან ჭიდილს. მერე დაიძმაკაცეს ჩემი პარტნიორი კოხოძე, დეპუტატი გახადეს და “ბულკივით” ეჭირათ ხელში, როცა უნდოდათ, ჩაკბეჩდნენ. ციხეში ისეთი ვითარება იყო, პროკურორ მგელაძეს პირდაპირ ვუთხარი, დაწერეთ, რაც გინდათ და ხელს მოგიწერთ-მეთქი. ადვოკატსაც მივახალე, შენ მაგათი კაცი ხარ-მეთქი. პირდაპირ მითხრა, მე ჩემს საქმეს უკვე მოვრჩი და ახლა სხვა ადვოკატი აიყვანეო. რომ არ მეღიარებინა, ამ დრომდე წამებაში უნდა ვყოფილიყავი. ოღონდ იქიდან გამოვსულიყავი და თანახმა ვიყავი, მეღიარებინა ყველაფერი. შეთხზეს ბრალიც და საპროცესო გარიგებით დაკავებიდან 3 თვეში გამოვედი.
250 ათასი ლარი გადამახდევინეს, ამის მერე მანქანის დაბრუნება მოვითხოვე. მეუბნებოდნენ, მანქანა ხომ გვაჩუქეო? მანქანა რომ დაებრუნებინათ, დამატებით 50 ათასი გადამახდევინეს. ჩეკები ახლაც მაქვს. ერთი თვე ვიარე იმ მანქანით და მერე 60 ათას დოლარად გავყიდე. შემოვიდა ადვოკატი გიორგი ხარაბაძე და მითხრა, შენმა მეგობრებმა ამიყვანეს და უნდა დაგიცვაო. რა ვიცოდი, თურმე ადეიშვილის ადვოკატია და ასეთ საქმეებს აგვარებს.
მეუბნება, ბიჭო, ხვდები, რატომ დაგიჭირეს? ახლა რაც გითხრეს, ის რომ ბლეფია, ხომ ხვდები? ეჭვი არ გეპარება იმაში, შენი პარტნიორი და მერაბიშვილი სანადიროდ ერთად დადიან და ამ დროს შენ გიჭერენო? “თეგეტას” ხელმძღვანელი იგულისხმა. ვიცოდი, მერაბიშვილთან რომ მეგობრობდა, მაგრამ ჩემს დაჭერასთან რა ხელი აქვს-მეთქი, – ვკითხე. შენი პარტნიორი ხვალ იაპონიაში მიფრინავსო… მოკლედ, დაპირისპირებას ცდილობდა. არ მეპარება ეჭვი პარტნიორში-მეთქი. მერე მითხრა, ხომ იცი, “თეგეტაში” შენი წილი ენდომებათ და დათმე, არ იცი, ესენი ვინ არიანო. მიბიძგებდა, ჩემი 21%-იანი წილი დამეთმო. კატეგორიული უარი ვუთხარი. ამ საქმის პროკურორი ალეკო მგელაძე იყო, მას აგვარებინებდნენ ყველა ბინძურ საქმეს. ის იყო ვაზაგაშვილის, გირგვლიანის საქმეების პროკურორიც. საბოლოოდ, სასამართლომ პირობითი 5 წელი და მეექვსე გამოსაცდელი ვადა მომისაჯა.
მთელი სიცოცხლე წელში გამართული დავდიოდი და ახლა შეურაცხყოფილი ვარ იმით, რაც თავს გადამხდა. მესმოდა, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ პატიმრებს. საშინელი ბღავილის ხმა გამოდიოდა. რამდენჯერმე ცელოფანში გახვეული ცხედარი რომ მიჰქონდათ, ისიც დამინახავს. ჩემი საკნის ბიჭები ამბობდნენ, ნეტავ არ გაგიშვან, რაც შენ გადმოგიყვანეს ციხეში, ჩვენს საკანში არ შემოდიან და არ გვცემენ, მანამდე კი საშინელ დღეში ვიყავითო. ჩემზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ ციხეში. ცხადაძემ ვიღაცას ყბა მოუნგრია, ვიღაცას ხელი მოსტეხა, ვიღაცას სცემაო“, – იხსენებს ზაურ ცხადაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.