ავთანდილ კასრაძე: საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განმახორციელებელ საერთაშორისო აქსელერატორების წარმომადგენლებსა და სტარტაპებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე Radio City-ში სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროგრამის პირველი ორთვიანი ფაზა მიმდინარეობს, რომელსაც  Startupbootcamp და Plug and Play ახორციელებს. მიმდინარე წლის ივლისიდან კი მათ 500 Global და Founder Institute შეუერთდება.

როგორც ავთანდილ კასრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მსოფლიო დონის საერთაშორისო აქსელერატორებმა ქართული სტარტაპებისთვის გადამზადების პროგრამა უკვე დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ  აღნიშნული პროცესი დაეხმარება ქართულ სტარტაპებს, ძალიან სწრაფად უზრუნველყონ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანა.

„საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას თითოეული სტარტაპისთვის აქვს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რითაც თითოეული ქართული სტარტაპი მინიმუმ სამი წელი ნულპროცენტიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, დამატებით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ტექნოლოგიური სიკეთეების საქართველოს მოქალაქეებამდე მაქსიმალურად მიტანას, იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.

„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა“ ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში. „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში“ სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი – Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute – მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები