ირაკლი ნადარეიშვილი: „იგლ ჰილსის“ პროექტების მიმართ ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია
„კომპანია „იგლ ჰილსის“ პროექტები იმ გეგმით ვითარდება, როგორც შეთანხმდა სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის. რეალურად უფრო მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, ვიდრე პირველადი შეთავაზება იყო გაკეთებული კომპანიის მიერ, რაც ნამდვილად ცხადყოფს, რომ ინტერესი და ნდობა პროექტის მიმართ ძალიან მაღალია“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, როგორც დაანონსებული იყო, „იგლ ჰილსის“ პროექტების წინასწარი გაყიდვების პირველი ეტაპი ძალიან წარმატებული იყო.
„დაფიქსირდა ძალიან მაღალი მოთხოვნა. თითქმის 300 ერთეული იყო გამოტანილი – საიდანაც 60 პროცენტამდე ქართველებზე გაიყიდა. ასევე საკმაოდ მაღალი დაინტერესება იყო უცხოელი ინვესტორების და მყიდველების მხრიდან. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო პროექტთან, მისი ფასების და მყიდველების ეროვნების ნაწილში, იყო სპეკულაცია და მას არ ედო საფუძვლად არავითარი არგუმენტი და დასაბუთება“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტი ძალიან მასშტაბური და უპრეცედენტოა ინვესტიციის ზომის მიხედვით და წარიმართება იმავე პრინციპებით, როგორც ბევრი სხვა დეველოპერული პროექტი.
„დაინტერესება, რაც საქართველოს უძრავი ქონების მიმართ არსებობს უცხოელი ინვესტორების ან დაინტერესებული მხარეების მხრიდან, აბსოლუტურად ჯანსაღია და არავითარი ადგილი რაიმე ტიპის არაბიზაციას ან სხვა მოვლენებს ამ პროექტთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოში არ აქვს საფუძველი“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.