“უნდა დაჯარიმდეს არა ობიექტი, არამედ ის პირი, ვინც დახურულ სივრცეში მოწევს”

„სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი თამბაქოს სფეროში რეგულაციებს მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ პრობლემაა აღსრულების ნაწილში.
შესაბამისი განცხადება ალავერდაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო უნდა აჯარიმებდეს არა ობიექტს, არამედ უშუალოდ იმ პირს, ვინც კანონს დაარღვევს და შენობაში მოწევს თამბაქოს.
„რეგულაციების წინააღმდეგნი არ ვართ, სასტუმროები დიდი ხანია ამ რეგულაციებზე არიან გადასულები, რაც წარმატებით ხორციელდება და სასტუმროებს არანაირი პრობლემა არ ექნებათ, თუმცა, არის დიდი რესტორნების თემა და, ჩვენი აზრით, პრობლემაა აღსრულების თვალსაზრისით. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმდება ობიექტი და არა კონკრეტული პირი. მერე უკვე მე – რესტორნის წარმომადგენელმა, უნდა დავაჯარიმო კონკრეტული პირი, რომელიც შეიძლება იყოს ნასვამი, აჟიტირებული და ა.შ. ჩვენი აზრით, აღსრულების ნაწილში საკითხი არასწორია. ჩვენ ვთვლით, რომ უნდა დაჯარიმდეს უშუალოდ ის პიროვნება და არა კონკრეტული ობიექტი“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
ალავერდაშვილი არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული ობიექტის კონკურენტმა შექმნილი რეალობით ისარგებლოს.
„უნდა დაჯარიმდეს დამნაშავე და არა კონკრეტული ობიექტი, იმიტომ, რომ შეიძლება რომეილმე ობიექტმა, კონკურენციიდან გამომდინარე, ვიღაც შეუშვას, მოაწევინოს სიგარეტი, რაც ობიექტის დაჯარიმებას ანუ ფინანსურ ზარალს და რეპუტაციის გაფუჭებას გამოიწვევს“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.
ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან, თამბქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციალური დაწესებულებებისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები