თენგიზ შარმანაშვილი – გახარიას პარტიის წევრებს: მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში, ნიშნავს მისი პარტიის წევრობას
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დასაქმებული „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან ნაჩვენები.
შარმანაშვილი პარტია „ გახარია -საქართველოსთვის“ წვერებს მოიხსენიებს, როგორც „გაუნათლებელი გახარიები“ და კიდევ ერთხელ განმარტავს მისი ელჩობის დროს, თუ რატომ ეკიდა მის კაბინეტში საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ფოტო. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს იყო სამინისტროს სტანდარტი და ყველა ელჩის ოთახში ეკიდა პრეზიდენტის ფოტო მსოფლიოს მასშტაბით, სადაც საქართველოს მისია ჰქონდა.
„გაუნათლებელ გახარიებს კიდევ ერთხელ. ელჩი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობაა და ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა ასევე, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის დაფიქსირება. სააკაშვილის სურათი კაბინეტში დამხვდა, როდესაც ჩავედი. სახელმწიფოს მეთაურის სურათი ეკიდა ყველა ელჩის ოთახში მთელ მსოფლიოში, სადაც მისია ჰქონდა საქართველოს. ეს სტანდარტი სამინისტროს მიერ განისაზღვრებოდა. მე ვერც დავკიდებდი და ვერც ჩამოვხსნიდი. მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში ნიშნავს მისი პარტიის წევრობას. ეს მრავალჯერ ავხსენი, მაგრამ უმეცრებაზე შელოცვა არ ვიცი,“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.