ზაქარია ქუცნაშვილი: იორდანია წმინდა მიწაზე საქართველოს მიწის ნაკვეთს გადმოსცემს

იორდანიის სამეფო მზადაა, საქართველოს, მდინარე იორდანეს სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადმოსცეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
როგორ ქუცნაშვილმა აღნიშნა, ამის მზაობა იორდანულმა მხარემ, იორდანიის სამეფოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას გამოთქვა.
დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, იორდანიის სამეფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან გამართა შეხვედრები. დელეგაციის შემადგენლობაში, სხვა დეპუტატებთან ერთად, ზაქარია ქუცნაშვილიც იმყოფებოდა.
„ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი ჩვენი მოქალაქეებისთვის – იორდანიის სამეფო მზად არის, საკუთრებაში გადმოგვცეს მდინარე იორდანეს სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი, ეს ის წმინდა ადგილია, სადაც იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა. შესაბამისად, ამ სანაპიროზე შესაძლებელია აშენდეს მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენი მონდომების შემთხვევაში, იქ იქნება კიდევ ერთი წმინდა ადგილი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ამ ისტორიულ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ქრისტიანი იყრის თავს, რაც საქართველოს ცნობადობას გაზრდის“, -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, იორდანიის სამეფოს პოზიცია უკვე ცნობილია საქართველოს საპატრიარქოსთვის.
ასევე, ვაპირებთ, რომ ამ საკითხზე ვიმუშაოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რომ შევძლოთ ამ წმინდა ადგილზე ქართული ეკლესიის კერის შექმნა. ეს მარტივი ამოცანა არ არის, სამწუხაროდ, ჩვენ ფაქტობრივად, დიასპორა არ გვყავს, 10 ქართველი ცხოვრობს სამეფოს დედაქალაქში, ამიტომ იმის ოპტიმიზმი, რომ დიასპორა თავისი ძალებით გაართმევს თავს ამ სამამულიშვილო საქმეს, ძნელია გამოითქვას. ამიტომ, თუ ყველანი ჩავერთვებით პროცესში, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანეთ”, -აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, არაბული ქვეყნების ლიდერები კარგად აცნობიერებენ, რომ ტურიზმი ერთ-ერთი პერსპექტიული საექსპორტო დარგია ეკონომიკაში.
„არაბული სამყაროს და ასევე, სხვა ქვეყნების ლიდერები, მიხვდნენ, რომ ტურიზმი ერთ-ერთი პერსპექტიული საექსპორტო დარგია ეკონომიკაში, არაბული და სხვა მუსლიმანური ქვეყნები ცდილობენ, რომ ქრისტიანული სიწმინდეები და ადგილები გამოიყენონ, არამხოლოდ პილიგრიმების, არამედ ევროპული ტურისტების მოსაზიდად. ამიტომ, ბუნებრივია, აქ არის ორმხირივი ინტერესი“, -აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები