ნუკრი ქანთარია: სასამართლოსთან მიმართებაში საკმაოდ არასახარბიელო ვითარება შეიქმნა
საკმაოდ არასახარბიელო ვითარება შეიქმნა სასამართლოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ნუკრი ქანთარია სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას და იმ დაძაბულობას აფასებს, რომელიც იუსტიციის საბჭოში კონკრეტულ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით შეიქმნა.
დეპუტატი აცხადებს, რომ ეს პრობლემები წესით არ უნდა შექმნილიყო, რადგანაც სასამართლო ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური გავლენების დასაძლევად და სამართლებრივი სასამართლოს ჩამოსაყალიბებლად პარლამენტმა ნინო გვენეტაძეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის დროს, დიდი ნდობა გამოუცხადა.
ქანთარიას თქმით, შესაბამისი წინადადებები და ნაბიჯებიც სწორედ გვენეტაძის და სხვა კეთილსინდისიერი მოსამართლეების მხრიდან უნდა გადადგმულიყო სასამართლოს შიგნით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
„საკმაოდ არასახარბიელო ვითარება შეიქმნა სასამართლოსთან მიმართებაში. საზოგადოებაში და პირადად ჩემშიც, კითხვებს იწვევს იქ შექმნილი მდგომარეობა, რომელიც უკვე გასცდა ვიწრო პროფესიონალთა არეალს და საზოგადოების სამსჯელო გახდა იმ დონემდეც კი, რომ ქვეყნის პრემიერმა შეშფოთება გამოხატა და მასაც კითხვები გაუჩნდა პროცესის სიჯანსაღესთან დაკავშირებით. შთაბეჭდილება იმისა, რომ ორი ქალბატონი, დოლიძე და ჯანეზაშვილი, რომლებიც თავიანთ პოზიციას მკვეთრად აფიქსირებენ და მათ მიმართ ასეთი მასირებული თავდასხმები ხორციელდება იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან, რაც გარედან ჩანს, მოსამართლეთა კორპუსისთვის შეუფერებელ, უხერხულ სურათს ქმნის იუსტიციის საბჭოს მიმართ, რომელიც რეალურად სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას წარმართავს“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.
დეპუტატის თქმით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და თავის დროზე აირჩია მოსამართლეები და ივალდებულა დაეცვა სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, რათა მათ თავიანთ წიაღში მოეხდინათ იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რასაც ჰქვია კეთილსინდისიერება, სამართლიანობა და პროფესიონალიზმი, ამ სფეროს დალაგება.
„შეშფოთების საფუძველს იძლევა ხმები სასამართლოს შიგნით გარკვეული კლანების ჩამოყალიბების შესახებ, თუ მართლაც ასეთ ფაქტს ადგილი აქვს. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ ეს თემა უმრავლესობაში განხილვის საგნად უნდა გახდეს და შესაბამისმა კომიტეტებმაც, ჩემის აზრით, კონკრეტულ წინადადებებზე უნდა იფიქრონ, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი განვითარების საფუძველთა საფუძველი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირებაც 2012 წლისთვის იყო დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობის გაჩენა და მასზე ზრუნვა. ეს ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა ცალკეული შემთხვევები, რაც გამოიხატება მაგალითად, იგივე მოლაშვილის და სხვათა საქმეების განმხილველი მოსამართლეების უვადოდ გამწესებაში. ეს სასამართლოსადმი ნდობის ხარისხზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.