მიხეილ ჯანელიძემ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის ოკუპაციისა და მისი მძიმე შედეგების წინააღმდეგ ერთიანი ძალისხმევისკენ მოუწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა სათანადო შეფასება მისცენ გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეს, რადგან მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მეშვეობით არის შესაძლებელი დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩადენილი ქმედებები ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციას წარმოადგენს, არსებული ვითარების გათვალისწინებით მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.
„ადგილობრივ მოსახლეობას წართმეული აქვს სიცოცხლის უფლების მინიმალური გარანტიები. კიდევ ერთხელ შევეხები გიგა ოთხოზორიას საქმეს – ეთნიკურად ქართველი, რომელიც ე.წ. „მესაზღვრეებმა” მოკლეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მისი მკვლელი კი დღემდე არ დაუკავებიათ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ მათგანს, არჩილ ტატუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ პირს ჯერ კიდევ არ ეძლევა ოკუპირებული რეგიონის დატოვების უფლება. ეს ქმედებები მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის კონსოლიდირებულ პასუხს. მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის მეშვეობით შესაძლებელია დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგები, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი.
საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგულია და მზადაა შეუქმნას ყველას თანაბარი შესაძლებლობები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. თავის ანგარიშში უმაღლესი კომისარი აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩადენილი ქმედებები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებულ დისკრიმინაციას უტოლდება. უმაღლესი კომისარი ღიად აცხადებს, რომ – ვციტირებ – „სუბიექტები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აკონტროლებენ, ვალდებულნი არიან დაიცვან თავიანთი კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებები”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეშვება აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საქართველო” – განაცხადა ჯანელიძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გასულ წელს მიღებული რეზოლუცია, სადაც ასევე აღნიშნულია ამ რეგიონებში უმაღლესი კომისრის ოფისისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმების დაშვების აუცილებლობა, თუმცა მიუხედავად პირდაპირი მოწოდებებისა უმაღლესი კომისრის ოფისს კიდევ ერთხელ უარი ეთქვა რეგიონებში შესვლაზე. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ისევე როგორც მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პრაქტიკაზე და ე.წ. „გამშვები პუნქტების” დახურვაზე, რაც რთულ ვითარებაში აგდებს ადგილობრივ მოსახლეობას და გადაადგილების უფლების გარდა უზღუდავს სამედიცინო მომსახურების და სხვა სოციალურ უფლებებს.
მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი სახლების დანგრევის პრაქტიკაზე, რაც ე.წ. რუსული „საინვესტიციო პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და ეთნიკური წმენდის ნათელი დადასტურებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები