ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტში სპეციალური რეზოლუცია შეიქმნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში, საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს დაარეგისტრიროს მოთხოვნა სპეციალური რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებთ, რომელიც ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხება.
„აშკარაა, რომ მოხდა მისი თავისუფლების და სიცოცხლის ხელყოფა და ეს მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, რომ ცალსახად ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. ჩვენ, დიდი ალბათობით, რეზოლუციაში აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება და ასევე, გავაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელდეს საერთაშორისო მონიტორინგი და ის მექანიზმები, რომელიც მონიტორინგზე და პრევენციაზე მუშაობენ, შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, ვინაიდან მიგვაჩია, რომ ამგვარი შემთხვევების და ადამიანის უფლებათა ასეთ დარღვევების პრევენციისთვის სწორედ საერთაშორისო მონიტორინგი იქნება ყველაზე ადეკვატური რეაგირება.
რა თქმა უნდა, რეზოლუციაში სხვა ასპექტებზეც იქნება ყურადღება გამახვილებული და ვფიქრობთ, რომ უკვე მომდევნო პლენარულ სესიაზე, უმრავლესობის სახელით, მოხდეს ინიცირება.
საპარლამენტო ოპოზიციაც საუბრობდა გასულ სესიაზე ამ საკითხზე და ბუნებრივია, ეს არის ის თემა, სადაც პარლამენტში, ვფიქრობ, მრავალპარტიული კონსენსუსი და ერთიანი მხარდაჭერა იქნება, ვინაიდან ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები ცალსახაა და ყველა საერთაშორისო ანგარიშშია საუბარი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო” ხელისუფლებას სთავაზოს, მომზადდეს ე.წ. ოთხოზორიას სია, რომელშიც ყველა ის პირი მოხვდება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იქნება დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევასთან.
„ევროპული საქართველო” მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ საერთაშორისო ფორუმებზე დავსვათ ეს საკითხი, რომ რუსეთის ფედერაციას მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწიოს ამგვარი ქმედებებისთვის და მოხდეს ამგვარი ქმედებების პრევენცია. თუ ხელისუფლება გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, ეს არ არის საკითხი, რაზეც შეიძლება იყოს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა. აქ გვჭირდება ერთიანი პოზიცია. ეს უნდა იყოს პარლამენტის პოზიცია და მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად ამ საკითხზე”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან დროული და საჭიროა აღნიშნული რეზოლუციის მიღება. მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება როგორც საპარლამენტო დელეგაციებში, ასევე აღმსრულებელ დონეზე იმისთვის, რომ მსგავს ფაქტებს და მსგავს ინციდენტებს მოყვეს შესაბამისა რეაგირება.
„თქვენ ნახეთ ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადება. საპარლამენტო დონეზე ჩვენ ზუსტად იგივეს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მივიღოთ მხარდაჭერა და ეს ყოველთვის ასეა. ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე ვაყენებთ მათ”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
ბიუროს სხდომის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლება დაცული იყოს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის პროექტს ჰქონდეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხარდაჭერა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობასაც და ჩვენი მოწვევის პარლამენტსაც აქვს ასეთი მძიმე მემკვიდრეობა, მაგრამ ამ მოცემულობაში უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უფლება იყოს დაცული. მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე ამ მიმართულებით და მივესალმები, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების წამომადგენლებიც ჩართული არიან ამ პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მივესალმები იმ ინიციატივას, რომ რეზოლუციის პროექტს ჰქონდეს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხარდაჭერა”, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
პარლამენტის ბიურომ 7-9 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.
დაგეგმილია, პირველი მოსმენით ორგანული კანონის პროექტის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” განხილვა.
პროექტით ორგანული კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის მიხედვითაც პარტიები იღებენ საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთ არჩევნებზე – ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზეც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილი ჰყავდა სულ მცირე 30%-ით. ამასთან, გარდამავალი დებულებით, ის პარტიები, რომლებიც 2017 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით იღებენ აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, შეუნარჩუნდებათ ამ დანამატის მიღების უფლება შესაბამისი არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსების ახალი ოდენობების განსაზღვრის დღის ჩათვლით.
დღის წესრიგის თანახმად, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ კანონის პროექტს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
წარმოდგენილი ცვლილებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიმართების თაობაზე, მათ შორის, უნდა მიეთითოს ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონი. ასევე უნდა მიეთითოს თუ საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება (ცვლილება შედის განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში); კანონს დანართის სახით ემატება ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ცხრილი, რომელიც უნდა დაერთოს კანონპროექტს.
ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.