„ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ ტატუნაშვილის საქმეზე მყისიერი რეაგირება და სათანადო შეფასება მოახდინოს”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთება გამოთქვა. მან მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს დააკისრა.

“ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, რომ საერთაშრისო თანამეგობრობამ მოახდინოს ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება და მისი სათანადო შეფასება.  შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები, ასევე, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ინფორმირებულები არიან ამის შესახებ.

ევროკავშირის მხრიდან უკვე გაკეთდა მკაცრი განცხადებები და არის მზაობა, რომ მათ აღმოგვიჩინონ დახმარება გამოძიების პროცესში. დღეს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით,  იგეგმება ამ საკითხის დაყენება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე. ასევე, ამ ფაქტის განხილვა გაიმართება გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიაზე.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მიმართულებით, რაც ქმნის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას. სწორედ ამ მიმართულებით  ვმუშაობთ რეზოლუციაზე, სადაც ყველა სხვა საკითხთან ერთად შევა ამ ინციდენტის საერთაშორისო გამოძიების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეშვების და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხები.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ეს ქმედება იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და მოხდეს სათანადო რეაგირება მათი მხრიდან”,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები