ტერორისტულმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ნიგერიაში 90-ზე მეტი მოსწავლე გოგონა გაიტაცა

ნიგერიის შტატ იობეს ერთ-ერთ სოფელში, 90-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგონა გაუჩინარდა ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სოფელ დაპჩიზე თავდასხმა ორშაბათს საღამოს მოხდა. ბოევიკები სატვირთო მანქანებით შეიჭრნენ სოფელში და თან მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები ჰქონდათ. ტერორისტები სკოლისკენ გაემართნენ და ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველების გადმოცემით, მათ დაინახეს, რომ ტერორისტებმა გოგოები მანქანებში ჩასვეს, ისინი ტიროდნენ და შველას ითხოვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება ოფიციალურად უარყოფს გატაცების ფაქტს, მაგრამ სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, უკვე დაწყებულია სამძებრო ოპერაცია.
„ბოკო ჰარამი“ ნიგერიაში მოსწავლე გოგონებს პერიოდულად იტაცებს. 2014 წელს მათ 276 გოგონა გაიტაცეს, რომელთაგანაც ნაწილი შემდგომში დაიღუპა. ხელისუფლებამ 82 გოგონას გათავისუფლებას, ბოევიკებზე გაცვლით, 2017 წელს მიაღწია, ხოლო 20-ზე მეტის დახსნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით მოხერხდა.
რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ გამოდის და მიზნად შარიატის დაწესებას ისახავს. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, „ბოკო ჰარამთან“ დაკავშირებულ ძალადობრივ აქციებში, რვა წლის განმავლობაში, 20 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები