ერაყის სასამართლომ 17 წლის გერმანელი გოგონა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით გაასამართლა

ერაყის სასამართლომ, გერმანიის 17 წლის მოქალაქეს ლინდა ვ.–ს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა “ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის და ერაყის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მიუსაჯა. ამის შესახებ გერმანული გაზეთი „Sueddeutsche Zeitung“ გერმანიის იურიდიულ წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. მის მიმართ სასიკვდილო განაჩენი არ იქნება გამოყენებული, რადგან ის არასრულწლოვანია.
ლინდა ვ.–ს საქმის მოსმენები ბაღდათში მიმდინარეობდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია, პროცესის დეტალები არ საჯაროვდებოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ერაყელი ჩინოვნიკები არ ადასტურებენ ინფორმაციას განაჩენის შესახებ.
მედიის ინფორმაციით, ერაყელმა სამხედროებმა მოსულის გათავისუფლების დროს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 ისლამისტი ქალი დააკავეს. მათ შორის, გერმანიის გენერალური პროკურატურა გამოძიებას ატარებს 17 წლის ლინდას მიმართ, რომელიც წარმოშობით საქსონიიდან არის. ის 2016 წლის ზაფხულში გაუჩინარდა მას მერე რაც ისლამი მიიღო. მშობლებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს.
ცნობილი გახდა, რომ მისი გაუჩინარების საქმე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიხურა, ახლად აღმოჩენილი ფაქტებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება. ლინდასთან მოსულში მისი დედა და და, გასული წლის დეკემბერში იყვნენ ჩასულები. გოგონა დაბნეული და ტრავმირებული იყო. „არც კი ვიცი როგორ მომივიდა თავში ეს სულელური იდეა. ჩემი ცხოვრება მე თვითონ დავანგრიე. ერაყის, მთელი ამ ომის და იარაღის დანახვა აღარ შემიძლია.“– ამბობს 17 წლის გოგონა. მას გერმანიაში, სახლში დაბრუნება სურს. აღსანიშნავია, რომ მოსულში ერაყელი სამხედროების მიერ მისი დაკავების ამსახველმა ვიდეომ მთელი მსოფლიო მოიარა. მისი ექსტრადირების საკითხი ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას, რადგან გერმანიას და ერაყს შორის ექსტრადირების შესახებ შეთანხმება არა აქვთ გაფორმებული.
ცოტა ხნით ადრე, კი გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ბაღდადში მყოფი ოთხი გერმანელი ქალის მიმართ, რომლებიც მოსულში დააკავეს და ისინი, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები