ვინ არის ქართველი მოძღვარი, რომელიც ნაჩუქარ ჯიპს ყიდის – „გადავწყვიტე, თანხით გაჭირვებულებს დავეხმარო” (ვიდეო)

სასულიერო პირები, რომლებიც მრევლს ხელმოკლე ოჯახების დახმარებისკენ მოუწოდებენ, თავად კი ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან, საზოგადოების ნაწილის მხრიდან არაერთხელ გამხდარან კრიტიკის ობიექტი. კრიტიკის საპასუხოდ, ზოგიერთი მოძღვარი ამბობს, რომ მას ავტომობილი აჩუქეს, საკუთარი სახსრებით არ შეუძენია და შესაბამისადაც, უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტი, რომ 40, 50 თუ 60 ათასი დოლარის ღირებულების ჯიპით გადაადგილდება. როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს სამების საკათედრო ტაძრის ერთ–ერთი მოძღვარი მამა იონა ნინევიელი.
მან სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, ვიდეოდან ირკვევა, რომ ის ნაჩუქარი ჯიპის – „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის გაყიდვას აპირებს, აღნიშნულ თანხას კი, ეკლესიის მშენებლობასა და ხელმოკლედ მცხოვრებ ადამიანებს მოახმარს.
ფეისბუქმომხმარებლების უმეტესობა სასულიერო პირის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა და საქველმოქმედო განზრახვა მოუწონა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მოძღვარს სიკეთის გაკეთება აფიშირების გარეშეც შეეძლო.
„კვირა“ თავად სასულიერო პირს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მის მრევლთან ერთად, მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს ხშირად ატარებს.
რაც შეეხება ვიდეოს განთავსებას, მოძღვრის თქმით, მან ვიდეო სოციალურ ქსელში მეგობრებისთვის განათავსა და ის რეზონანსი, რაც აღნიშნულ ვიდეოს მოჰყვა, მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ეს ჯიპი მეგობარმა მაჩუქა, თუმცა, მე პირადად მაკმაყოფილებს ის პატარა ავტომობილი, რომელიც უკვე 5 წელია, მყავს – ორკარიანი პატარა „რენო ტვინგოა“ და დაახლოებით 19 წლის წინ არის გამოშვებული. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ნაჩუქარი ჯიპი გავყიდო და ამ ფულის ნაწილი ეკლესიის მშენებლობას მოვახმარო, ნაწილით კი, იმ ადამიანებს დავეხმარო, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობენ და ასეთები, ჩვენდა სამწუხაროდ, მრავლად არიან. რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც განვათავსე, მართლა არ მეგონა ასეთ რეზონანს თუ გამოიწვევდა, იმიტომ, რომ ეს ჩემი მრევლისთვის, ჩემი მეგობრებისთვის დავდე და ასე მოვუწოდე სიკეთის კეთებისკენ. ჩვენ ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებებს ძალიან ხშირად ვატარებთ, მრევლთან ერთად, ყოველგვარი პიარისა და დემონსტრირების გარეშე და ვცდილობთ, ხალხს დავეხმაროთ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბარში მამა იონა ნინევიელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები