ირინა სარიშვილი: პოროშენკო განიხილავს სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის ვარიანტს და შემდგომ ამას რუსეთს გადააბრალებს

პარლამენტის ყოფილი წევრი ირინა სარიშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სარიშვილი აზრით, ის რომ ახლა ექსპრეზიდენტი პოლონეთშია, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე კარგი ვარიანტია.
„უკრაინის პრეზიდენტის აგონიური ქმედებების დასაწყისშივე, როცა სააკაშვილი დააპატიმრეს, პირველი რაც გავიფიქრე, სწორედ ის იყო რომ სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი სჭირდებოდა ყველა შესაძლო საფრთხის (არა მხოლოდ მის, არამედ საქმის თვალსაზრისითაც) თავიდან ასაცილებლად. ამ საფრთხეზე იმ დღეებშივე მიგვანიშნა მისმა მეუღლემ – სანდრამ, რომელმაც ძალიან ზუსტი და მკაფიო მესიჯები გააჟღერა ამ მიმართულებით სწორედ სააკაშვილის განთავისუფლების შემდეგ.
უფრო კონკრეტულად: განვიხილოთ მოვლენების განვითარების ყველა სხვა შესაძლო ვარიანტი მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის გასანადგურებლად საკუთარი მომავლისთვის საბედისწერო ნაბიჯები გადადგა.
ვარიანტი 1:
პატიმრობიდან განთავისუფლებული სააკაშვილის დარჩენა უკრაინაში, როცა ის იქ მყოფი აგრძელებს ბრძოლას უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ.
ეს ერთმნიშვნელოვნად ცუდი ვარიანტია, რადგან წონასწორობადაკარგული პოროშენკოს შემდგომი ნაბიჯები დღესავით ნათელია: გავიხსენოთ ის აბსურდული ბრალდება, რაც უკრაინის პროკურატურამ გააჟღერა სააკაშვილის მისამართით და რასაც მოყვა შემდგომ სანდრა რულოვსის განცხადება ფიზიკურ საფრთხესთან დაკავშირებით: სააკაშვილი რუსეთის აგენტია და შესაძლოა რუსეთმა თავად მოიშოროს ის თავიდანო. როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს უკრაინის პროკურატურის ეს განცხადება, ერთი რამ ცხადია: აგონიაში მყოფი პოროშენკო განიხილავს სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის ვარიანტს და შემდგომ ამას რუსეთს გადააბრალებს. სწორედ ამისთვის დასჭირდათ ასეთი აბსურდული ბრალდების წაყენება საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, რაც სხვა არაფერია, თუ არა წინასწარ შექმნილი ალიბი.
ვარიანტი 2:
სააკაშვილის გადმოცემა საქართველოსთვის.
განვიხილოთ ამ ვარიანტის შესაძლო გაგრძელება აქ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე. რეალობა კი სამწუხაროდ ისეთია, რასაც ვხედავთ: ამ ხელისუფლების, სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა და მისი გარემოცვის ნაწილის (ამჟამად უკვე ყოფილის) “წყალობით” საქართველოს მოსახლეობის სერიოზული ნაწილისთვის სააკაშვილისგან შექმნილია მტრის ხატი, ე.წ. საფრთხობელა ზუსტად ისე როგორც ეს მოხდა ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში (გარეგნობაზე ორიენტირებული განსაკუთრებულად ნიჭიერი მომხრეებისთვის ვხსნი: ასეთ შემთხვევაში “საფრთხობელას” არანაირი კავშირი გარეგნობასთან არა აქვს და ის ხალხისთვის საშიში ადამიანს ნიშნავს).
ამ რეალობის გათვალისწინებით სააკაშვილის საქართველოს ციხეში ყოფნას ამ ეტაპზე 2 შესაძლო განვითარება შეიძლება მოჰყვეს:
1) რუსთავი 2, რომლის მესაკუთრე არა ნიკა გვარამია არამედ ბიზნესმენები არიან თავიანთი ბიზნესინტერესებით გადადის სხვების მფლობელობაში და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღევანდელი ბორდით ვერ ახერხებს ხალხის მობილიზებას, რაც ძალიან ცუდია და ქუჩის ჟარგონით თუ ვილაპარაკებთ, სიტუაციის “გაბანძებას” ნიშნავს;
2) რუსთავი 2 ისევ ისაა რაც დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიუხედავად ყველაფრისა ახერხებს საკუთარი მომხრეების მობილიზებას და გამოყავს ხალხი გარეთ.
არის თუ არა ეს ის რაოდენობა, რაც მოქმედ ხელისუფლებას ხელს შეუშლის ამ პროცესებში გამოიყენოს ძალა და უფრო მეტიც: უკვე ოფიციალურად ჩარიოს რუსეთი? სამწუხაროდ, დღეს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ხელისუფლება შეძლებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა გამსახურდიას დროს (კონკრეტულად ამ თემას შეეხება ჩემი მომდევნო სტატუსი) და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას არ გააპროტესტებს, რადგან ამ დიდ ნაწილს სააკაშვილის დაბრუნებას თავში რუსული ჩექმის რახუნი ურჩევნია! მოგვწონს ეს ჩვენ თუ არ მოგვწონს, ეს ასეა სამწუხაროდ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე დროა მოსაგები და სწორედ ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი დღეს ის არის რაც გვაქვს.
დროის მოგებას რაც შეეხება, ამ დრომ რომ ჩვენს საწინააღმდეგოდ არ იმუშაოს, სწორი დასკვნებია გასაკეთებელი და ამ საქმისთვის სოციალური ქსელი გარანტირებულად ჩვენს ხელშია. რომელ ეტაპზე რა უნდა გავაკეთოთ (ჩემი აზრით) წარსული გამოცდილების (მათ შორის ცუდის) გათვალისწინებით, ამას ჩემი მომდევნო სტატუსი შეეხება: დასაწყისისთვის კი ვიტყვი მხოლოდ იმას რომ მთავარი უბედურება რაც ჩვენ გვჭირს ეს ერთმანეთის სიძულვილი, დაუნდობლობა და საკუთარ ნაჭუჭში უტვინო გამოკეტვაა. სწორედ ეს სიძულვილია დასაძლევი და როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა ჩანდეს, აუცილებლად დავძლევთ, თუ იმას მივხვდებით რომ რუსეთის იმპერიისთვის მთავარი და ყველაზე საიმედო დასაყრდენი ჩვენს ქვეყანაში არა რომელიმე პარტია ან პოლიტიკური ლიდერი, არამედ ურთიერთსიძულვილია. გაგრძელება იქნება…“,- წერს ირინა სარიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი ქართულ რესტორანში გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს. ამ დროისთვის სააკაშვილი ვარშავაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები