თეა წულუკიანი: სააკაშვილისთვის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამა ღია იქნება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატიმართა რესოციალიზაციის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პროგრამა ღია იქნება. ამის შესახებ წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

წულუკიანმა ამ პროგრამით სარგებლობის პირობაც დაასახელა.

“ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა ღია იქნება, მაგრამ მანამდე, ის ქართული ციხის პატიმარი უნდა გახდეს”, – თქვა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოს პროკურატურას უკრაინის წინაშე სააკაშვილის ექსტრადიცია არ მოუხსნია.

წულუკიანის თქმით, სააკაშვილის ექსტრადირება გასულ წელს პოლონეთისგანაც მოითხოვა საქართველომ.

“ეს სულ ცინცხალი ამბავია და რა თქმა უნდა, პოლონეთის სახელმწიფოს რეაგირებას დღესვე, ან ხვალვე ვერ მოვთხოვთ, რადგან ევროპულ ქვეყნებში, როგორც ჩვენთან, ასევე პოლონეთში, დასავლეთ ევროპაშიც ერთიდაიგივე პროცედურები არსებობს. ჩვენ ექსტრადიციის შესახებ ერთიდაიგივე ევროპული კონვენციის წევრი ვართ. ეს არის სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია, რასაც დრო სჭირდება და თუ ეს პროცედურები პოლონეთში დაიწყება, შესაძლოა, ჩვენ რაღაც შედეგებზე ვისაუბროთ. რაც შეხება ფაქტს, დადასტურებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთშია“, – განაცხადა წულუკიანმა.

12 თებერვალს უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა.

10 თებერვალს, ტელეკომპანია რუსთვი-2-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახური მის პოლონეთში დეპორტაციას გეგმავს, მაგრამ ის ბრძოლას მაინც განაგრძობს.

მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები