კახა კალაძე: პრობლემა არ არის, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას

შესაძლოა ადრე იყო „შავ სიაში“, მაგრამ ახლა არ არის, რადგან როცა დისკვალიფიკაციის ვადა გადის, კომპანიას უკვე შეუძლია ტენდერში მონაწილეობა მიიღოს – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თბილისში დაგეგმილი ესტაკადების მშენებლობის ტენდერში მხოლოდ რუსული კომპანია მონაწილეობს, რომელიც ამავე დროს „შავ სიაშია“ შეყვანილი.
როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული კომპანია თუ ახლაც „შავ სიაშია“, ფიზიკურად ვერ მოახერხებს ტენდერში მონაწილეობის მიღებას.
„რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობს ტენდერში, გეტყვით, რომ ეს არ არის სწორი, რადგან ვერც თქვენ და ვერ მე ფიზიკურად ვერ შევძლებდით ამის გადამოწმებას, რადგან ტენდერები არის დახურული და ვერც ერთი კომპანია ვერ ნახავს, თუ ვინ მონაწილეობს ტენდერში და რა ფასს წარადგენს. ეს არის დახურული, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. დაველოდოთ, ვინ იქნება გამარჯვებული. კომპიუტერი ამას ავტომატურად გამოავლენს”, – განაცადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძის განცხადებით, არ არის პრობლემა, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა ტენდერში იღებს მონაწილეობას.
“არც ის არის პრობლემა, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომპანიებს შეუძლიათ ჩამობრძანდნენ საქართველოში, ინვესტიცია განახორციელონ, ხალხი დაასაქმონ, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მოვესალმებით, მინდა ოპოზიციას ვთხოვო, რომ ძალიან არ გადაიღალონ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ტენდერი, რომელიც ჩატარდება, იყოს გამჭვირვალე და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ გაჩნდეს. ნუ ინერვიულებენ, თხოვნა მექნება“, –განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები