პრემიერი ფორუმის მონაწილეებს: თქვენ ხართ ის სიახლე, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებს მთავრობის მეთაურმა ფორუმის დაარსება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერის თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების შემადგენლობები საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, რაც კარგი ტენდენციაა.

„თქვენი ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის არის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი, რომ ეს ახალი ენერგია შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. სადაც არის ასეთი მოძრაობა და სადაც არის სიახლის შემოსვლა გაადვილებული, ასეთი სისტემა არის მხოლოდ და მხოლოდ გამართული. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენცია ჩამოყალიბდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენი საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაზე მიუთითებს, ვინაიდან, თქვენ ხართ, სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენ ხართ ის სიახლე, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს საქართველო”,- მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის ის, რაც ქვეყანას სწრაფ განვითარებას, მოსახლეობას კი კეთილდღეობას მოუტანს.

„მე, საერთოდ, ვფიქრობ რომ ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და სწორი გზა. ეს არის ერთადერთი, რაც ჩენს ქვეყანას სწრაფ განვითარებას, მოსახლეობას კი კეთილდღეობას მოუტანს. მე ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართულნი ისეთ პროექტებში, როგორიცაა, მაგალითად „სტარტაპ-საქართველო”, სტარტაპ-კომპანიების დაფინანსება. ჩვენ შარშან დავიწყეთ ეს პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეწარმეო სულისკვეთება პირველ რიგში ახალგაზრდებმა აიტაცეს. დღეს უკვე გვყავს ძალიან წარმატებული, დამწყები ბიზნესმენები, რომლებმაც წარმატებული პროექტები  ამ პროგრამის მეშვეობით დააფინანსეს. მე მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ იყოს აქტიური, არასოდეს მოერიდოს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას, ვინაიდან, სწორედ, ამ გახსნილობაში არის ჩვენი ქვეყნის განვითარების სწორი გასაღები. მინდა, მივესალმო საკრებულოს ინიციატივას, მიგულეთ მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი თქვენს მეგობრებად, ვისთანაც შეგიძლიათ ძალიან ღიად და გახსნილად ისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე. დიდი მადლობა და გილოცავთ დღევანდელ დღეს”,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები