„ფილმის გამო დაიწყო პროცესები – ვნახოთ, რომელი აღმოჩნდება მართალი, ბურჭულაძე თუ პროკურატურა“

საგამოძიებო სტუდია „პოსტ TV”-ს ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე პაატა ბურჭულაძის საქმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე აცხადებს, რომ სიმართლე სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
„მე არ ვარ არც ერთი მხარის ადვოკატი. ჩვენ ფილმი გავაკეთეთ, რომელშიც სისხლის სამართლის ბრალდებაზე არ გვილაპარაკია. ვაჩვენეთ, როგორი იყო ფონდის შემოსავლები, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სინამდვილეში. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ინკასაცია მიმდინარეობდა ისეთი ფორმით, რომ ნდობას არ იმსახურებდა. ვაჩვენეთ, რომ ხარჯები იყო შეუსაბამო, ქველმოქმედებაში ჩართული ადამიანებისთვის. ხარჯები უფრო ხელგაშლილი იყო და არა ხელმომჭირნე მათთვის, ვინც ქველმოქმედებას უნდა სჩადიოდეს და ფულს ახმარდეს გარკვეულ სამიზნე ჯგუფებს. ეს იყო ძალიან ფაქიზი სამიზნე ჯგუფი: ობლებისა და მიუსაფარი ბავშვების დახმარებას ხმარდებოდა ეს თანხები. გარდა ამისა, ბინები, რომლებსაც სთავაზობდნენ მრავალშვილიან ოჯახებს, არ შეესაბამებოდა მინიმალურ სტანდარტებს, სადაც შეიძლება გაუშვა მრავალშვილიანი ოჯახი. ბატონი პაატა თავის განცხადებებში ამბობს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ამ ფილმს ისე მოიხსენიებს, თითქოს თან არსებობს, თან არ არსებობს. ამ ფილმის გამო დაიწყო პროცესები და დაკითხვებზეც მის გამო უწევს სიარული“, – განაცხადა ვახტანგ კომახიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში საუბარი არ ყოფილა სისხლის სამართლის ნიშნებზე, პროკურატურამ გამოძიება, სწორედ, აღნიშნული ფილმის გამო დაიწყო.
„სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურატურა და არამხოლოდ ფილმი, მან დაინახა კიდევ სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ჩვენ არ გვილაპარაკია სისხლის სამართლის ნიშნებზე, ეს არ იყო ჩვენი კომპეტენცია“ , – აღნიშნავს ფილმის ერთ-ერთი ავტორი.
ვახტანგ კომახიძე პროკურატურისა და პაატა ბურჭულაძის გუშინდელ განცხადებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე სიმართლე მხოლოდ პროცესების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
„პროკურატურა ამბობს, რომ არ არის კმაყოფილი ბურჭულაძის პასუხებით, ბურჭულაძე ამბობს, რომ პროკურატურა კმაყოფილია მისით. ვნახოთ, რომელი უფრო მართალი აღმოჩნდება და როგორ დამთავრდება პროცესები“, – განაცხადა საგამოძიებო სტუდიის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოში დაბრუნებული პაატა ბურჭულაძე, ფონდ „იავნანას“ გახმაურებულ საქმეზე გამომძიებლის შეკითხვებს თითქმის ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა. არ არის გამორიცხული, რომ მოწმის სტატუსით დაბარებულ საოპერო ვარსკვლავს, დაკითხვაზე მისვლა კიდევ ერთხელ მოუხდეს.
გამომძიებლის მიერ გუშინ დასმული კითხვები ძირითადად საქველმოქმედო ყუთებს, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის შეგროვებულ თანხას და ბურჭულაძის მიერ პირადი მიზნებისთვის გაწეულ ხარჯებს ეხებოდა.
საქმის აღძვრას წინ უძღოდა საგამოძიებო სტუდიის ფილმი, რომლის ავტორთა მტკიცებით, ფონდის ხელმძღვანელები ქველმოქმედებიდან მიღებულ შემოსავლებს მალავდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება „იავნანადან“ თანხების მითვისება-გაფლანგვის, სსს კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. საგამოძიებო ფილმი, რის საფუძველზეც “აფბამ” პროკურატურას მიმართა, პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესახებ, ვიდეოპორტალმა POSTV-მ 2017 წლის 12 სექტემბერს გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები