ირაკლი ზარქუა: მშენებლობის ნებართვა მხოლოდ ტრანსპორტისა და ეკოლოგიის სამსახურებთან შეთანხმების შემდეგ გაიცემა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, კახა კალაძის მიერ სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმა მიმდინარეობს და რამდენიმე ახალი სამსახურიც შეიქმნა, რათა დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები აღარ გაგრძელდეს.

ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა შესაბამის ნორმატიულ აქტებში ასახა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც,  სამშენებლო ნებართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი დედაქალაქის ტრანსპორტის, ასევე ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურებისგან იქნება თანხმობა მიღებული. როგორც დეპუტატმა განმარტა, ნებართვის გაცემამდე, ორივე  სამსახური იმ ტერიტორიას შეისწავლის, რომელზეც სამშენებლო ნებართვა უნდა გაიცეს და გადაწყვეტილებები მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული.

„ამასთანავე, ჩვენ დავავალდებულებთ დეველოპერებს, რომ მშენებლობის ადგილზე დაამონტაჟონ დენდროლოგიური პროექტის დაფა, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რაზეა აღნიშნული მშენებელი პასუხისმგებელი და როგორი გამწვანება ექნება მის მიერ წარმოებულ მშენებლობას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც დეველოპერებთან, ასევე შესაბამისი პროფილის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რათა აღნიშნულ  პროცესში მათი მოსაზრებებიც იყოს გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები