“სახელმწიფომ უნდა დაიცვას კომპანია ბადაგონის ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა”

კომპანია „ბადაგონის“ ინვესტორის ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატის, იმედა დვალიძის განცხადებით, ჯანჯღავას ქონება კომპანიის მიერ დაქირავებულმა მენეჯერმა გიორგი სალაყაიამ უკანონოდ მიისაკუთრა.
ამის შესახებ დვალიძემ „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახური კომპანიაში სწორედ „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ საჩივრის საფუძველზე შევიდა. საჩივრის მიხედვით, კომპანიის დაქირავებულმა დირექტორმა ვლადიმერ ჯანჯღავას ქონება მიისაკუთრა.

როგორც დვალიძე აღნიშნავს, სალაყაიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ვლადიმერ ჯანჯღავა არამხოლოდ მფლობელი იყო, არამედ სწორედ მან განახორციელა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ქარხანაში.

„უზნეობაა, როცა გიორგი სალაყაია აცხადებს, რომ თითქოს ვლადიმერ ჯანჯღავას წილი არ ეკუთვნის „ბადაგონში“. სალაყაიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ვლადიმერ ჯანჯღავა არამხოლოდ მფლობელი იყო, არამედ სწორედ მან განახორციელა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ქარხანაში, სწორედ ჯანჯღავას ჩადებული ინვესტიციის წყალობით გახდა კომპანია „ბადაგონი“ ცნობადი, მაღალტექნოლოგიური და განვითარებული კომპანია“,-აღნიშნა დვალიძემ.

ადვოკატის განმარტებით, სალაყაია კომპანიაში მხოლოდ დაქირავებული მენეჯერი იყო, ისარგებლა ვლადიმერ ჯანჯღავას ნდობით და კომპანიის მართვის გამარტივების მიზნით, წილის საკუთარ თავზე გაფორმება შესთავაზა.
„სწორედ ამ გზით მიითვისა გიორგი სალაყაიამ როგორც საწარმო, ასევე საწარმოში განხორციელებული ინვესტიციები. უზნეობაა, როცა დაქირავებული დირექტორი ინვესტორზე ამბობს, რომ ის არის საეჭვო რეპუტაციის, არასანდო პიროვნება, მაშინ როცა წლების განმავლობაში სწორედ ამ ადამიანისგან იღებდა თანხებს. საინტერესოა, მაშინ არ იცოდა ჯანჯღავას საეჭვო რეპუტაციის თაობაზე, როცა მას საკუთარი შვილი მოანათვლინა?!“,-აღნიშნა ადვოკატმა.
იმედა დვალიძე ამბობს, რომ ვლადიმერ ჯანჯღავა, „ბადაგოში“ განხორციელებული ინვესტიციების დასაცავად, „გრაკოროს“ მეშვეობით ბოლომდე იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 7 თებერვალს, „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ საჩივრის საფუძველზე შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები