დეიმონ ვილსონი: ვხედავთ პროგრესს და ვმუშაობთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას

“ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. აღსანიშნავია, რომ ვხედავთ ძლიერ პროგრესს უსაფრთხოებისა და თავდაცვის”,-ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, დეიმონ ვილსონმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ატლანტიკური საბჭო ნატო-ს მორიგი სამიტისთვის საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს.
ამ თემაზე ვილსონმა ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ატლანტიკურ საბჭოში ვმუშაობთ საქართველოს შესახებ ანგარიშზე, რომელიც მზადდება იმისთვის, რომ ზაფხულში, ნატო-ს სამიტამდე შექმნას განწყობა და წარმოდგენა. ანგარიშის ნაწილი საქართველოში მიმდინარე თვის ბოლოსთვის, ნაწილი კი მაისში დაახლოებით, დამოუკიდებლობის დღისთვის გამოიგზავნება.
ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. აღსანიშნავია, რომ ვხედავთ ძლიერ პროგრესს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის მიმართულებით. ჩვენი გუნდი ატლანტიკურ საბჭოში აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ვაშინგტონში დაარწმუნოს მეგობრების – საქართველოსა და უკრაინის დახმარების აუცილებლობაში, მათ შორის, თავდაცვითი შეიარაღების კუთხით“, – განაცხადა დეიმონ ვილსონმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და პარტნიორობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, აშშ უფრო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც ნატო-ში გაწევრიანების, ისე ზოგადად, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
„გასულ წელს არსებობდა გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა, სხვანაირი მიდგომა ჰქონოდა რუსეთთან და ამას საქართველოსთვის ერთგვარი გაურკვევლობა მოეტანა.
თუმცა, ვფიქრობ, ვაშინგტონის პოზიცია ძალზე მკაფიოა პუტინისა და კრემლიდან წამოსულ გამოწვევებთან დაკავშირებით, გამოწვევებთან, რომლის წინაშეც რუსეთი აყენებს მეზობელ სახელმწიფოებს – მათ შორის, საქართველოს. ნათელია, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის მხარდაჭერა არ შემცირებულა და პირიქით, უფრო მტკიცდება“, – აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.
შეგახსენებთ, რომ ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნულ თემებზე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები