ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა კაპიტოლიუმში უმასპინძლა. ირაკლი კობახიძემ პოლ რაიანს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში აშშ-ს წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს ამერიკელი ერის მხარდაჭერას.

თავის მხრივ, პოლ რაიანმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და პარლამენტის თავმჯდომარეს ურყევი მხარდაჭერა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა დაუდასტურა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

სპიკერმა რაიანმა ირაკლი კობახიძე National Prayer Breakfast-ზე მიიწვია, რომელიც 8 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართება. ტრადიციულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევით, ასზე მეტი ქვეყნის ლიდერები, თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან.

„დღეს შეხვედრა გაიმართა ჩემს კოლეგასთან, სპიკერ რაიანთან. შედგა საინტერესო დისკუსია ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობისა და  საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის თაობაზე”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები