ზალიკო ბერგერის და ანა ჩანგიანის საბავშვო კოლექციის ჩვენება „ჯინო ფერედაისში“
გასართობი ცენტრის „ჯინო ფერედაისის” აქციის ფარგლებში დიზაინერების ზალიკო ბერგერის და ანა ჩანგიანის ახალი საბავშვო კოლექციის ჩვენება გაიმართა. სამოსი „ხელოვნების სახლის“ აღსაზრდელებმა წარადგინეს. დიზაინერებმა კოლექცია თექის და სხვადასხვა ქსოვილის კომბინაციით შექმნეს. ჩვენებაზე 24 ერთეული კოსტიუმი იყო წარმოდგენილი. საღამოს მსახიობი ნუკი კოპალეიშვილი წაუძღვა. ჩვენება პატარა მოდელმა მარიამ მამაგულაშვილმა არაჩვეულებრივი მუსიკალური ნომრით გახსნა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ “კვირასთან“ საუბარში საბავშვო კოლექციის დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა განაცხადა: – მე და დიზაინერი ანი ჩანგიანი დიდი ხანია, საბავშვო კოლექციაზე ვმუშაობთ და დღეს ერთობლივი საბავშვო ჩვენება გავმართეთ. ეს კოსტიუმები არ იყო ზაფხულის ან ზამთრის, ჩვენ სპეციალურად შევქმენით ის ამ ბავშვებისთვის. ამ ტანისამოსისთვის თექა და სხვადასხვა ქსოვილი იყო გამოყენებული და, მე მგონი, საინტერესო სანახაობა იყო ის, რაც დღეს ვიხილეთ. „ჯინო ფერედაისი“ არაჩვეულებრივი კომპლექსია, სადაც კარგად შეიძლება გართობა. იმედია, აქ ჩვენც დავისვენებთ, ამინდიც ხელს გვიწყობს და გავირუჯებით კიდეც. ღონისძიება მუსიკალურად “ახალი ხმის” მომღერალმა ანი ფაცაციამ გააფორმა.
“ჯინო ფერედაისის” წარმომადგენლის, მარიამ ბაბუნაშვილის თქმით, ზალიკო ბერგერისა და ანი ჩანგიანის საბავშვო კოლექციის ჩვენება წარმატებით მოეწყო, რაც შეეხება „ჯინო ფერედაისს“, იგი მომხმარებელს უამრავ გასართობ პაკეტს სთავაზობს. დიზაინერები ზალიკო ბერგერი და ანა ჩანგიანი გასართობ ცენტრში ღონისძიებებს მომავალშიც გამართავენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=eZ5t6sYmzXQ” width=”560″ height=”315″]