კარასინი საქართველო – რუსეთის ურთიერთობებზე: 2017 წლის შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რუსულ სააგენტო ТАСС-თვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოსთან ურთიერთობის თემაზე დეტალურად ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრის შედეგების კომენტირებისას, კარასინმა განაცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული და გულწრფელი იყო. მხარეებმა განიხილეს პრაქტიკული საკითხები და ორი ქვეყნის ურთიერთობის ზოგიერთი პოლიტიკური ასპექტი. მისი თქმით, როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის პრინციპული ხასიათის პრობლემები რჩება. „ეს პრობლემები საკმაოდ რთულია და პირველ რიგში ისინი დაკავშირებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. თუმცაღა, ეს არ წარმოადგენს პრაღის დისკუსიების საგანს. ამისთვის კავკასიის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფორმატი არსებობს. შემდეგი შეხვედრა ამ ფორმატში განხორციელდება მარტის ბოლოს და სწორედ იქ განვიხილავთ ამ ყველაფერს დეტალურად.“
გრიგორი კარასინის თქმით, 2017 წლის შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვნად გამოიყურება. „ვაჭრობა ორივე მხრიდან 34%-ით გაიზარდა. რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით რიგით მეორე პარტნიორი გახდა, _ ჩვენ ღვინის პროდუქციის 2/3-ს ვყიდულობთ და მის რეალიზებას რუსულ ბაზარზე ვახდენთ. არც თუ ისე ცუდი შედეგები ტრანსპორტის კუთხითაც გვაქვს. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ზედა ლარსის საბაჟო პუნქტის გაფართოების მიზნით. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ გაამარტივებს პროცედურასაც და რაც ყველაზე მთავარია, გასატარებელი ტრანსპორტის რიცხვს გაზრდის. პოზიტიური დინამიკა გვაქვს საავიაციო სფეროშიც. 2017 წლის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეების რიცხვის ზრდა, რომლებიც საქართველოს, როგორც ტურისტები, ისე სტუმრობენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანია.“
კარასინის თქმით, შეხვედრაზე საბაჟო შეთანხმების რეალიზების განხილვა განსაკუთრებით ემოციურად მიმდინარეობდა. „მართლაც, ქართული და რუსული მხარეებისგან გაკეთებულ მთელ რიგ საჯარო განცხადებებში, აღნიშნული დოკუმენტის ტექსტის და შინაარსის ინტერპრეტირება სხვადასხვანაირად ხდება, ამიტომ დღეს გადავხედეთ დოკუმენტს და იმაზე შევთანხმდით, რომ როგორი ინტერპრეტაციებიც უნდა იყოს, მთავარია, დაიწყოს ყველა იმ დებულების ზუსტი შესრულება, რომლებიც ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ვასრულებთ პროცედურებს, ამას მთავრობას მოვახსენებთ, რის შემდეგაც ხელს მოვაწერთ შესაბამის კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია „SGS“-თან, რომელმაც ტვირთის მონიტორინგი უნდა განახორციელოს”, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები