„26 მაისს მთავრობამ დანაშაული ჩაიდინა, მერე მომადგნენ – დანაშაული ჩამოგვრეცხეო“

  2011 წლის 26 მაისს მთავრობამ დანაშაული ჩაიდინა, ორი კაცი მოკლა, მერე მე მომადგა, „ჩამოგვრეცხე“ დანაშაული, კარგად დაგაფინანსებთ და „კრიშა“ გექნებაო, – ამბობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ოლეგ ჟვანია, რომელსაც 26 მაისს მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილები შეუყარეს.
„ 27 მაისს ტელეფონზე დამირეკეს და მიმიყვანეს რუსთაველის N4- ში მდებარე მაღაზიასთან. ამიყვანეს სახურავზე და მითხრეს, თითქოს ამ მაღაზიიდან გამავალი მაღალი ძაბვის დაზიანებული სამფაზიანი სადენით ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც კი ვნახე ეს სადენი, მაშინვე მივხვდი, რომ სპეციალურად იყო გადაჭრილი და მაშინვე ვთქვი. მითხრეს, თქვენ იცით, ეს ორი ადამიანი როგორც გარდაიცვალა, მაგრამ მთავრობა ამათ ხომ არ ჩამოკიდებს კისერზე, ჩირქი უნდა ჩამოვრეცხოთ, უბრალოდ, დაადასტურეთ, თითქოს წინა დღეებში კაბელი გაფუჭდა, დაურეკეთ „თელასის“ სარემონტო სამსახურს, გამოიძახეთ, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ. ეს უნდა აღიაროთ, სამაგიეროდ, თქვენ არაფერი გემუქრებათო. მითხრეს, რომ „თელასი“ დაადასტურებდა ჩემ მიერ განხორციელებულ ზარს. აღიარების სანაცვლოდ მპირდებოდმენ მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ კატეგორიული უარი განვაცხადე. შემდეგ სცადეს ჩემი, დაშინება, ისევ გამომიძახეს, არაფერი გემუქრება, თუ დაგვთანხმდები, თქვენი „კრიშა“ ვიქნებით, მუშაობის საშუალებას მოგცემთ, თუ არა – პრობლემებს შეგიქმნითო. 27 მაისიდან სამი-ოთხი დღის შემდეგ სახლში მომადგნენ და დამაკავეს. ჩემი 10 წლის ბავშვი ეზოში თამაშობდა. ბავშვს მაინც ამოვიყვან-მეთქი, მაგრამ არც ამის უფლება მომცეს, სახლის სახურავი ახდილი მქონდა, ხელოსნები მუშაობდნენ – ისინიც გაყარეს, კარი გადაკეტეს, გასაღები თან წაიღეს და მეც წამიყვანეს. ბავშვი ქუჩაში დამიტოვეს. თურმე საღამომდე ქუჩაში მელოდა, შემდეგ კი ფეხით წასულა დედასთან გლდანში“,- ამბობს ოლეგ ჟვანია. მისი თქმით, 4 თვის განმავლობაში ის გლდანის დაწსებულებაში იყო დაპატიმრებული, სადაც სასტიკად აწამეს.
ყოფილი პატიმარი იმ კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს, ვინც მის წამებაში მონაწილეობდა. „გამოძიებას დავუსახელე გლდანის ციხის თანამშრომელები: გიორგი ავსაჯანიშვილი, ალექსი თოლორდავა და თავად ციხის უფროსი ვაჟა ცხვედიანი. დაჰკითხონ ისინი და დაასახელებინონ ბრძანების გამცემი, შეიძლება მერაბიშვილმდე და სააკაშვილამდეც მივიდნენ“, – აცხადებს ოლეგ ჟვანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები