უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის რეალიზაციის საქმეზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის თანხის სანაცვლოდ გავრცელების საქმეზე ბრალდებულ გოგიტა დალაქიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და სწორედ ამიტომ მიიღო აღნიშნულ გადაწყვეტილება.

სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მარტს ჩაინიშნა.

გოგიტა დალაქიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოქალაქე დ.ე.-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე.-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა.

გამოძიება ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აცხადებენ შსს–ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები