იმნაძის რეკომენდაციები – “ქალბატონები სანამ დაორსულდებიან, უნდა აიცრან, მათ პატარებს პრობლემები რომ არ შეექმნათ”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე „თბილისი მოლში”, „კარფურში” არსებულ სენდვიჩების განყოფილებაში აღმოჩენილი ბაქტერიის საკითხს გამოეხმაურა, რამაც 20-მდე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაცია გამოიწვია. როგორც იმნაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, მაიონეზი ყველა ბაქტერიას უყვარს და თუ არ მოხდა შენახვის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, იქ ადვილად მრავლდებიან ბაქტერიები.
“ბაქტერია სალმონელა შესაძლოა, სალათის ფურცლებიდან მოხვედრილიყო, თუმცა იგივე ქათმის ხორციდანაც არაა გამორიცხული. რაც უნდა კარგად გარეცხო, შესაძლოა მაინც დარჩეს ბაქტერია, მაგრამ ის თუ მოხვდება მაიონეზში და არ იქნება შენახვის ტემპერატურული რეჟიმი დაცული, მაშინ გამრავლდება მაიონეზში. მთავრია არ მოხდეს პროდუქციის მომზადების დროს დაბინძურება. მაიონეზი უყვარს ყველა ბაქტერიას, თუ რამე მოხვდა შიგნით, ის კარგად გამრავლდება, თუ არ არის ტემპერატურა დაცული. რთულია იმის გარკვევაც, პროდუქტი როგორ ინახებოდა, სანამ მომხმარებლამდე მივიდოდა”,-აღნიშნა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა წითელას გავრცელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვინც არ არის აცრილი, წითელა აუცილებლად “მონახავს” მათ და დააავადებს. მან განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და მომავალ დედებს აცრისკენ მოუწოდა.
“წითელა ისეთი დაავადება, თუ არ ხარ ვაქცინირებული, აუცილებლად “მოგნახავს” და შეგხვდება. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წელს დავიწყეთ ლაპარაკი და ნახევარი მილიონი ადამიანი ავცერით. ვინც არ არის აცრილი, წითელა შეხვდება და ავად გახდება. ერთადერთი რჩევაა, რომ ვინც არ არის აცრილი, აიცრას. განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ ეს. აცრა უფასოა, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილი იყოს, ქალბატონები სანამ დაორსულდებიან, უნდა აიცრან, მათ პატარებს პრობლემები რომ არ ჰქონდეთ მომავალში”,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები