თეა წულუკიანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელ როსარია პულისის შეხვდა. მინისტრმა სტუმარს მიულოცა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს „ღია მმართველობის“ პლატფორმის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტები გააცნო; კერძოდ, ესაუბრა 2018 წლის ზაფხულში თბილისში დაგეგმილ „OGP“-ის გლობალურ ფორუმზე განსახილველ საკითხებსა და თემატიკაზე და ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ღია და გამჭვირვალე ინსტიტუტების მშენებლობის მიზნით იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება.
იუსტიციის მინისტრმა როსარია პულისის ინფორმაცია მიაწოდა სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვასა და პროკურატურის რეფორმაზე.
როსარია პულისი 2018 წლის იანვრიდან დაინიშნა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად. 2017 წლის აპრილ-დეკემბერში იყო ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში; ნატო-ს მეკავშირე ოფიცერი ცენტრალურ აზიაში; ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენელი უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში; შტაბის უფროსი ლიბიაში ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები