დავით მათიკაშვილი: “სიტროენ ჯორჯიას” ადვოკატის განცხადება არაკომპეტენტურია

“ის, რომ სახელმწიფო არ მონაწილეობდა კონკურენციის რაიმე სახით შეზღუდვაში – დადასტურებულია. ახლა ჯერია მეორე მხარეზე, შეასრულონ პირობა და შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის გუნდს მოუხადონ ბოდიში”,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განცხადა. როგორც მან აღნიშნა, კონკურენციის სააგენტომ შესაბამის დასკვნაში დაადგინა, რომ “სიტროენ ჯორჯიას” საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებები, რომლებიც სახელმწიფოს მიმართ იყო წაყენებული, გია გაჩეჩილაძის საჯარო გამოსვლების ფონზე – იყო აბსურდული და დასკვნის მიხედვით, კი არ შეიზღუდა, არამედ პირიქით, გაფართოვდა კონკურენცია გარკვეულ ნაწილში.
„რაც შეეხება მეორე ნაწილს, სადაც კარტელურ გარიგებებზე კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა, გაკვირვებას იწვევს ადვოკატ ირაკლი კორძახიას განცხადება. მისი განცხადება არის არაკომპეტენტური, როდესაც ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტოზე იყო ზეწოლა. თუკი ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, თუკი კარტელთან დაკავშირებით არსებული საჩივრის ნაწილში სააგენტომ დასაშვებად ცნო საჩივარი და არგუმენტაცია, რომ დაწყებულიყო გამოძიება და შესაბამისი მოკვლევა, მაშინ მეორე ნაწილშიც წნეხს დაემორჩილებოდა სააგენტო და არ მიიღებდა ასეთ საჩივარს ამ ნაწილში განსახილველად, მოიქცეოდა ისე, როგორც პირველ ნაწილში, შეზღუდვებთან დაკავშირებით, _ და მეორე, ადვოკატის განცხადებით, თითქოს სააგენტომ, საჩივრის მიღებით, ფაქტობრივად, ცნო მომჩივანი მხარის საჩივარი და რაღაც გარემოებები, რაც მას საჩივარში აქვს მითითებული, ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტო დამოუკიდებელი და თავისუფალია შესაბამის გადაწყვეტილებებში და იღებს გადაწყვეტილებას იმ გარემოებებიდან და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას წარედგინა იმისთვის, რომ შემდგომ დაიწყოს შესაბამისი მოკვლევა.
„არანაირი გადაწყვეტილება მე-7 მუხლთან დაკავშირებით სააგენტოს არ მიუღია. ამიტომ საჭიროა განცხადებები გაკეთდეს ისე, რომ საზოგადოება შეცდომა არ იყოს შეყვანილი და რაც ყველაზე მთავარია,  გვახსოვს პრემიერის განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ თუკი დადასტურდებოდა სახელმწიფოს მხრიდან არაკანონიერი ფაქტი, ის გადადგებოდა, თუ არადა, მაშინ ყველა იმ პირს, რომელიც მას ბრალს უყენებდა, ბოდიში უნდა მოეხადა, გია გაჩეჩილაძეზე იყო საუბარი. ის რომ სახელმწიფო არ მონაწილეობდა კონკურენციის რაიმე სახით შეზღუდვაში – დადასტურებულია. ახლა ჯერია მეორე მხარეზე, შეასრულონ პირობა და შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის გუნდს მოუხადონ ბოდიში“,-განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ არ დააკმაყოფილა კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“, საჩივარი, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის. გიორგი შარაშიძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება. თუმცა, ამავე დროს, კონკურენციის სააგენტო საჩივრის იმ ნაწილს გამოიკვლევს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ექვსი ეკონომიკური აგენტის მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე.
დავის ერთ-ერთი მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ათი რეანომობილის შეძენის ტენდერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები