პნევმატური იარაღი ოზურგეთის სკოლაში – რას აცხადებს დირექტორი

შს სამინისტრომ ოზურგეთის სკოლის მანდატურის შეტყობინების საფუძველზე ფაქტის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც „კვირას“ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ განუცხადა, მანდატურის თანამშრომლებმა მე-10 კლასის მოსწავლეს უცხო საგანი აღმოუჩინეს, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო პნევმატური იარაღი.
მანდატურის თანამშრომლებმა ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს მიაწოდეს.
სკოლის დირექტორმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ფაქტის შესახებ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოსდა, ჩვენი სკოლის მოსწავლეს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს, რასაც კატეგორიულად უარვყოფთ.
სკოლის დირექტორმა აღნიშნული ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენს საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო, გვინდა გავაკეთოთ შესაბამისი განმარტება – 2018 წლის 22 იანვარს, გაკვეთილების შემდეგ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანდატურმა X კლასის მოსწავლის ხელში უცხო საგანი შენიშნა, მყისიერად ჩამოართვა მას ეს საგანი, გამოიძახა მშობელი და მშობლის თანდასწრებით ჩატარდა ყველა საჭირო მოქმედება. აქვე დავძენთ, რომ სკოლის შინაგანაწესის მიხედვით მოსწავლის მხრიდან იკრძალება ნებისმიერი საფრთხის შემცველი ნივთის ტარება. მანდატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს საქმის შესწავლა შესაბამისი ორგანოების მიერ. სკოლის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მოსწავლეს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. როგორც ჩვენთვის წინასწარი მოკვლევით ცნობილია, სავარაუდოდ, საუბარია პნევმატური იარაღზე, რომლის ტარება ნებართვას არ საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ორგანოები იღებენ საჭირო ზომებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, სკოლის ადმინისტრაცია თავის მხრივ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, იმსჯელებს მოსწავლის მიმართ შესაბამის დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისათვის უკვე ცნობილია, რომ მანდატურმა სკოლის მოსწავლე მშობელთან ერთად დაკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები