კვიპროსის ქართულ მონასტერს ტურისტულ გზამკვლევში შეიტანენ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის ოფიციალური ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში დასრულდა. ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის შესახებ სპეციალური ბრიფინგი ორშაბათს გაიმართება. კვიპროსზე ღალიის X-XVI საუკუნეების ქართული არქეოლოგიური კომპლექსის სარეაბილიტაციო პროექტი რამდენიმე წლის წინათ დაიწყო და ქართველი და კვიპროსელი სპეციალისტების თანამონაწილეობით განხორციელდა. ოფიციალურ შეხვედრაზე გადაწყა, რომ ქართულ ძეგლს კვიპროსზე ყველა ტურისტულ გზამკვლევსა და საინფორმაციო ბუკლეტში შეიტანენ, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას. ასევე ქართულ მხარეს დაგეგმილი აქვს, ღალიის მონასტრისა და იქ შესრულებული სამუშაოების შესახებ წიგნის გამოცემა და პრეზენტაციის მოწყობა ორ ენაზე – ქართულად და ბერძნულად. ოფიციალურ შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები: ადგილობრივი ქართველი მეცენატებისა და ქართული დიასპორის დახმარებით მონასტრამდე წყალი უკვე მიყვანილია, დანარჩენ სამუშაოებს თავად კვიპროსელები განახორციელებენ. უახლოეს პერიოდში დაიწყება ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, გაკეთდება საჩრდილობლები და სკამები, წელსვე გადაიხურება მონასტრის ტერიტორიაზე არსებული წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. ქართული მხარის სურვილია, მონასტრის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების დროებით თბილისში, ეროვნულ მუზეუმში ჩამოტანა. ამ ინიციატივას კვიპროსის მხარე დათანხმდა და უახლოეს პერიოდში, მემორანდუმიდან გამომდინარე, დამატებითი ხელშეკრულება გაფორმდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საქართველოში ოფიციალურად მოიწვია კვიპროსის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დესპო პილიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები