სამხედრო პოლიციიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლო დავას განაგრძობენ – ყოფილ პოლიციელებს სამინისტრო პასუხობს

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც 2016 წლის ბოლოს, რეფორმის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს, სასამართლო დავებს სხვადასხვა ინსტანციაში დღემდე აგრძელებენ. რეფორმის შედეგად, თავდაცვის სამინისტროს 125 თანამშრომელი უსამსახუროდ დარჩა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოში იჩივლეს და მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გათავისუფლებულები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები არიან. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავდაცვის სამინისტროს პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, შოთა მათითაშვილმა განაცხადა, მათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წინასწარი ოფიციალური ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„არავის ჩავუყენებივართ საქმის კურსში, რომ უსამსახუროდ ვრჩებოდით. ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ რამდენიმე დღით ადრე, შემთხვევით, რომ თურმე სამინისტროში ჩვენი შტატები უქმდებოდა“ – აცხადებს ყოფილი თანამშრომელი შოთა მათითაშვილი.
გათავისუფლებულ თანამშრომლების განცხადებას დღესვე თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზვიად ოქროპირიძე გამოეხმაურა.
ზვიად ოქროპირიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან რეფორმის შედეგად გათავისუფლდნენ.
„შარშან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა რეფორმა, რომელიც გულისხმობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების გარდაქმნას და მის შემდგომ ჩამოყალიბებას ნატოს სტანდარტების მიხედვით. რაც გულისხმობდა იმას, რომ მოცემული ქვედანაყოფები უნდა დაკომპლექტებულიყო მთლიანად სამხედრო მოსამსახურეებით, შესაბამისად, სამოქალაქო პირები და სპეციალური წოდების არმქონე პირები, რომლებიც ამ ბატალიონში მსახურობდნენ, მათი შტატებით დაექვემდებარნენ გაუქმებას. ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ ეტაპისთვის ორი ინსტანციის გადაწყვეტილება გვაქვს. თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა წარდგენილი არგუმენტირებული დასაბუთება სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვთვლით რომ, რეფორმა განხორციელდა სწორად და სამართლიანად. ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ, მოცემული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივროთ “ – აცხადებს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზვიად ოქროპირიძე.
როგორც გაირკვა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სწორედ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები