“საქართველოს დელეგაციის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე არის თანმიმდევრული”

“მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ სანქციების გამო დაკარგა ხმის უფლება და მკაცრი ზომები იყო გამოყენებული რუსეთის მიმართ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ეს თემა აქტიურდება, მაგრამ ჩვენი დელეგაციის პოზიცია დაწესებული სანქციების მოხსნაზე უცვლელია”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით მმართველი გუნდის პოზიცია თანმიმდევრულია და ისეთი იქნება, როგორიც წინა საპარლამენტო სესიების დროს იყო.
„თითქმის ყველა სესიაზე, როდესაც იმართება საპარლამენტო ასამბლეის სხდომები, ხდება ამ საკითხის გაცოცხლება. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ სანქციების გამო დაკარგა ხმის უფლება და მკაცრი ზომები იყო გამოყენებული რუსეთის მიმართ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ეს თემა აქტიურდება. აქ მოსაზრება იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ იზოლირება გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, ნაწილი მიიჩნევს, რომ სანქციები უნდა დარჩეს.
ჩვენი დელეგაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენი პოზიცია არის თანმიმდევრული და იქნება ისეთი, როგორიც იყო წინა საპარლამენტო სესიების დროს. ამჯერად სხვა ფორმატში იმართება, ღიაა და ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. არ მგონია, რომ ამ სესიაზე გადაწყვეტილება მიიღონ და რამე შეიცვალოს. თუმცა ასეთ დისკუსიებს პერიოდულად ადგილი ექნება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს სანქციები ორგანიზაციამ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა და რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება შეუჩერა. საპარლამენტო ასამბლეამ ეს გადწყვეტილება 2014 წლის გაზაფხულის სესიაზე მიიღო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმის უფლების ჩამორთმევის მიზეზად არა მხოლოდ ყირიმის ანექსია, არამედ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც დაასახელა.
ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის დელეგაციის წევრებმა ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ ორგანიზაციამ მათი უფლებები დაარღვია. რუსეთმა შეწყვეტა ორგანიზაციის საწევრო თანხის გადახდაც.
საპარლამენტო ასამბლეის წევრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთს ხმის უფლება არ უნდა აღუდგეს და ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა, რათა ქვეყანამ ასამბლეის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის აღდგენის საქმეზე დღეს არანაირი დისკუსია და გადაწყვეტილების მიღება არაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები