უზენაესი სასამართლო ხვალ როლანდ ბლადაძის წართმეული ქონების დაბრუნების საქმეზე სხდომას გამართავს

საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე სასამართლო სხდომას 2018 წლის 24 იანვარს გამართავს. სხდომა 12:00 საათზე, #7 დარბაზშია დანიშნული.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დაზარალებული ოჯახი, მთელი საზოგადოება და უწინარესად სასამართლო სისტემა, ამ პრეცედენტულ დავაზე ქვეყანაში უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების მოლოდინშია. სასამართლო სხდომა სამინისტროს მხრიდან მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობის განხილვის მიზნით ჩაინიშნა, თუმცა მოცემულ ეტაპზე, უცნობი რჩება სადავო საკითხზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიცია. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თუ გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართი არ იქნა შეთავაზებული და როლანდ ბლადაძეს არ დაუბრუნდა უკანონოდ წართმეული საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ყველა სხვა ალტერნატიული წინადადება იურიდიულ ინტერესს კარგავს. მისივე განცხადებით, მოსალოდნელია სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ 24 იანვარს გამოაცხადოს.
უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.
ცნობისთვის: 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით – არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განმხილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა. 2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა – ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე. 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, პაატა სილაგაძემ, აგრეთვე მიიღო საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა, ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით. სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში, საქმეზე ზეპირი მოსმენით სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები