ბაია პატარაია შსს–ს ახალ დეპარტამენტზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რეალურ შედეგებს ველოდებით

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია, შინაგან საქმეთა მინისტრის ახალ გადაწყვეტილებას, კონკრეტულად კი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის საკითხს იწონებს.
როგორც პატარაია აცხადებს, ქალთა მოძრაობა 2 წლის განმავლობაში ითხოვდა სპეციალური დანაყოფის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„ქალთა მოძრაობა 2 წლის განმავლობაში ითხოვდა სპეციალური დანაყოფის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვინაიდან მთელი რიგი გამოძიება, რომელიც გენდერულ დისკრიმინაციულ დანაშაულზე ხდება, არის გართულებული. გვგონია, რომ ეს სპეციალიზებული 10 ადამიანი, შეძლებს იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც ჯერ-ჯერობით საკმაოდ მწვავედ არის გავრცელებული. ამ ეტაპზე, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი დეპარტამენტია და მივესალმები ყველანაირად“, –აღნიშნავს პატარაია.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული დეპარტამენტი, ასევე, უზრუნველყოფს ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანია უახლოეს მომავალში ზემოხსენებული დანაშაულების შემცირება და მათი პრევენცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს გამართა. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები