საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების ტომების წარდგენა გაიმართება

26 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების II, III და IV ტომების წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „არტანუჯში“ განუცხადეს, დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეული დღემდე არ არის გამოცემული, მეტიც – მისი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.
თხზულებების სრულად გამოცემის საქმე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ ითავეს.
შრომების გამოცემა დაახლოებით 12 ტომადაა ჩაფიქრებული. სერიის მთავარი რედაქტორია როინ მეტრეველი.
II ტომში შესულია ნაშრომები: „Христианские памятники (Ахалцихский уезд, Ахалкалакский уезд; Чилдырский участок, Ардаганский участок, Ольтинский участок. Экскурсия Е. Такайшвили 1902 г. Материалы по археологии Кавказа“ და „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი (იმერეთი, გურია, ქართლი, კახეთი), ტიფლისი, 1907“.
III ტომში შევიდა „არხეოლოგიური მოგზაურობა ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“.
IV ტომი კი აერთიანებს ორ ნაშრომს: „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი (სამეგრელო), 1914 წ“; „არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში 1919 და 1920 წწ.“
თითოეულ ტომს დართული აქვს შესაბამისი ილუსტრაციები, რომლებიც ექსპედიციებისასაა გადაღებული და დღეს დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის პირად არქივში (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). გამოცემებს ასევე ახლავს ვრცელი პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.
წიგნები გამოიცა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
მისამართი: რუსთველის გამზირი, N52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, V სართული, სხდომათა დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები