სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე და-ძმა ჭანტურიები დაკითხვაზე დაიბარეს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია განმეორებით დაკითხვაზე დაიბარეს.
ამასთან, დაკითხვაზეა დაბარებული ჭანტურიას დაც . და-ძმა საგამოძიებო უწყებაში დღეს 17:30 საათზე უნდა გამოცხადდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ჭანტურიას ადვოკატს ალექსანდრე კობაიძეს საკუთარი მოსაზრება აქვს.
მისი განმარტებით, გამოძიება ჩიხშია შესული. მისი თქმით, პროკურატურას სურს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წაიყვანოს.
კობაიძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი ჭანტურიას ხელახალ დაკავებას გამორიცხავს.
რაც შეეხება ჩხრეკას, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკა დასრულდა.
როგორც გამომძიებელმა განაცხადა, სახლიდან მართლსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. მისი განმარტებით, ამოღებული ნივთები ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს სამართადამცველებმა გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლებში თბილისსა და რუსთავში ჩხრეკა ჩაატარეს.
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის ბინიდან გამომძიებლებმა რამდენიმე ნივთი ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.